რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დღეს, 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ნოვგოროდის ოლქში რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე „მიზანმიმართული ტერორისტული შეტევა“ იყო „კიევის რეჟიმის“ მხრიდან.
რუსეთის ამ რეგიონში მდებარე სახელმწიფო რეზიდენციაზე 91 უკრაინული დრონით შეტევის შესახებ ჯერ კიდევ 29 დეკემბერს განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. რეზიდენციაზე შეტევის თაობაზე პუტინმა სატელეფონო საუბრისას, 29 დეკემბერს უთხრა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპსაც.
უკრაინამ რუსეთის განცხადებას ტყუილი უწოდა.
ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა „პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით მოქმედი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების სქემა“.
ეს „სქემა“ წარმოადგენს რუკაზე მონიშნულ ადგილებს, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინული დრონები ჩამოაგდეს. საზენიტო-სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ალექსანდრ რომანენკოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა რომელ რაიონში რამდენი დრონი და რომელ საათზე ჩამოაგდეს.
რუსი გენერლის თანახმად, „28-დან 29 დეკემბრის პერიოდში კიევის რეჟიმმა მიმართა ტერორისტული შეტევის მცდელობას შორ მანძილზე მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში“, შეტევა კი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქების ტერიტორიიდან განხორციელდა.
რომანენკოვის მიერ ბრიფინგზე წაკითხული სიის მიხედვით, პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმისთვის გამზადებული უკრაინული დრონები ნოვგოროდის ოლქის გარდა ჩამოაგდეს ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში – ბრიანსკის ოლქში – 49, ნოვგოროდის ოლქში – 41 და სმოლენსკში – 1.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელშიც ერთ-ერთი სამხედრო მეთაური აჩვენებს ჩამოგდებულ უკრაინულ დრონს „ჩაკლუნ-ბ“. არანაირი სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, რომ ეს დრონი პუტინის რეზიდენციაზე „შეტევის მონაწილეა“.
გენერალ-მაიორმა რომანენკოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევა იყო მიზანმიმართული, დაწვრილებით დაგეგმილი და ეშელონირებული ხასიათი ჰქონდა“, თუმცა მოიგერიეს და „არ დაუშვეს” ნგრევა და რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციისთვის ზიანის მიყენება.
ბოლო დღეებში არაერთი გამოცემა ამახვილებდა ყურადღებას, რომ 29 დეკემბერს, როცა რუსეთის თანახმად, უკრაინამ დრონებით შეუტია ნოვგოროდის ოლქში, ქალაქ ვალდაისთან მდებარე რეზიდენციას, ადგილობრივი მცხოვრებნი და მედიასაშუალებები არაფერს იუწყებოდნენ ამ რაიონში აფეთქებების შესახებ, როგორც ეს სხვა შემთხვევებში ხდება რუსეთის რეგიონებზე უკრაინული დრონებით შეტევის დროს.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა დაბა როშჩინოს მცხოვრების, ვინმე იგორ ბოლშაკოვის ვიდეოც, რომელშიც ის ჰყვება, როგორ გააღვიძა ხმაურმა და ვალდაის ტბის მხრიდან „ცხოვრებაში პირველად გაიგონა რაკეტის ხმა“.
29 დეკემბერს კრემლში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ „კიევის რეჟიმმა“ დრონების „მასშტაბური გამოყენებით ტერორისტულ შეტევას მიმართა“ პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციაზე ნოვგოროდის ოლქში და ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდროდ მუშაობას გააგრძელებენ, მაგრამ „გადახედილი იქნება რუსეთის პოზიციები ადრე მიღწეულ მთელ რიგ შეთანხმებებზე”.
რუსეთის განცხადებებს პუტინის რეზიდენციაზე უკრაინული დრონებით „შეტევის” შესახებ „მორიგი ტყუილი” უწოდა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი და დონალდ ტრამპის წარმატებული შეხვედრა, რომელიც 28 დეკემბერს ფლორიდაში გაიმართა, რუსეთს არ მოეწონა და ახლა საბაბს ეძებს, რათა კიევში დაარტყას სახელმწიფო დაწესებულებებს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ISW-ს თანახმად, არ არსებობს ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენციაზე დრონებით შეტევის არანაირი მტკიცებულება. რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების დარტყმები, როგორც წესი, კვალს ტოვებენ და მისი აღმოჩენა საჯარო წყაროებითაცაა შესაძლებელი. მათ შორისაა კონკრეტულ ადგილებში გადაღებული ვიდეოები, რომლებზეც ასახულია აფეთქებები და ხანძრები, მათ შესახებ ადგილობრივი სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, ხელისუფლების განცხადებები და ა.შ. 29 დეკემბერს ნოვგოროდის ოლქის შემთხვევაში მსგავსი მტკიცებულებები არ ყოფილა.
ფორუმი




