გალის რაიონში ახალი სავაჭრო ტერმინალი
აფხაზეთში სატრანზიტო ლოგისტიკური კომპანიის გენერალური დირექტორი და აფხაზეთში მსოფლიო ხალხთა ასამბლეის ხელმძღვანელი, ასტამურ ახსალბა, აფხაზურ მედიასთან საუბარში გალის რაიონში აშენებულ სავაჭრო ჰაბზე და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც ის აცხადებს, პროექტი, რომელიც რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება, თითქმის მზადაა და მისი ამოქმედება უახლოეს მომავალში იგეგმება. მისივე თქმით, სატესტო ტვირთებიც შესრულებულია, თუმცა, ქართული მხარე, კონკრეტულად კი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ამის შესახებ არაფერი იცის.
ასტამურ ახსალბას თქმით, აფხაზეთი თავის “ისტორიულ ჰაბის” ფუნქციას აღადგენს და გალის რაიონში მდებარე ტერმინალი რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის სატრანზიტო სქემის მნიშვნელოვან ნაწილად იქცევა.
მისივე თქმით, პროექტი წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა რთული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს მეზობლობის გამო, თუმცა მისი განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი პროცედურა უკვე გავლილია და რამდენიმე თვეში სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას.
„სატესტო ტვირთები გავატარეთ აფხაზეთის გავლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იყო უკუ-მიმართულებითაც – ირანში გავგზავნეთ ტვირთი. ყველა მექანიზმი უკვე გამართულია.“
ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური მარშრუტი
აფხაზური კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ახალი სატრანზიტო ჰაბი გალის რაიონს ოჩამჩირის რკინიგზის ტერმინალთან დააკავშირებს.
ამასთან, როგორც ახსალბა განმარტავს, აფხაზეთის გზები არ არის გათვლილი მასშტაბურ ტვირთბრუნვაზე, რის გამოც სატრანზიტო ნაკადების გადაადგილება რკინიგზის საშუალებით მოხდება გალიდან ოჩამჩირის ტერმინალში და იქიდან უკვე რუსეთში გაიგზავნება და პირიქით.
როგორც აფხაზური კომპანიის დირექტორი ამბობს, გალის დღევანდელი ტერმინალი 2011 წელს, რუსეთ-აფხაზეთის საბაჟო უწყებებს შორის შეთანხმების ფარგლებში აშენდა, თუმცა უსაფრთხოების მიზეზების გამო მისი ამოქმედება აქამდე ვერ ხერხდებოდა – უკრაინის ომის შემდეგ კი რუსეთისთვის, როგორც “აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორისთვის” ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა.
პოტენციური მომხმარებლები და ტვირთების მიმართულება
ახსალბას თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მესამე ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რუსეთის სამხრეთ რეგიონებთან უფრო მოკლე სატრანზიტო გზით. პოტენციურ მომხმარებლებად მოიაზრებიან: ირანი, ინდოეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.
მისივე განცხადებით, ინტერესს შესაძლოა რამდენიმე ევროპული სახელმწიფოც გამოხატავდეს, თუმცა ქვეყნების დასახელებისგან ის თავს იკავებს.
საქართველოსთან ვაჭრობის საკითხი
ახსალბა აცხადებს, რომ პროექტი არ ითვალისწინებს საქართველოსთან ვაჭრობას და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობაც პროცესში აკრძალული იქნება.
„საქართველოსა და აფხაზეთს შორის ვაჭრობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს იქამდე, სანამ შესაბამისი დოკუმენტები არ იქნება ხელმოწერილი. ჩვენი კომპანია მხოლოდ ლოგისტიკურ მომსახურებას ახორციელებს.“
მსოფლიო ხალხთა ასამბლეის როლი
მისივე თქმით, პროექტს აქტიურად უჭერს მხარს ანდრეი ბელიანინოვი – რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2025 წლიდან მსოფლიო ხალხთა ასამბლეის გენერალური მდივანია.
ახსალბას განცხადებით, ასამბლეა ხელს უწყობს არა მხოლოდ ტერმინალის ამოქმედებას, არამედ უფრო ფართო ეკონომიკურ თანამშრომლობასაც.
როგორ იმუშავებს ტვირთბრუნვა
სატრანზიტო სისტემა, როგორც ის ამბობს, ძირითადად მოემსახურება მსუბუქი მოხმარების საქონელს – საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ბოსტნეულს და სხვა პროდუქტებს.
მაგალითად, თუ ტვირთი ირანიდან მოდის: ირანული ფურა მძღოლით შევა აფხაზეთის ტერიტორიაზე – ოჩამჩირის რაიონში მდებარე ტერმინალზე მოხდება ტვირთის გადმოტვირთვა – ტვირთი რკინიგზით გაგრძელდება რუსეთის მიმართულებით.
ახსალბას განცხადებითვე, იმის მიუხედავად, რომ მესამე ქვეყნებიდან შემოსული საქონელი აფხაზეთის მაღაზიებში პირდაპირ არ მოხვდება, აფხაზურმა პროდუქციამ მომავალში შეიძლება ამავე მარშრუტის მეშვეობით მიღწიოს გარე ბაზრებს.
აღნიშნულ საკითხზე დღეს, 10 დეკემბერს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ “ქართული მხარე პროცესში არაა ჩართული”.
“მოგეხსენებათ ჩვენ ე.წ. სახელმწიფო საზღვარს არ ვაღიარებთ, ეს არის სპეკულაცია, აქედან გამომდინარე ჩვენი მხრიდან ამაზე ვერ იქნება ბუნებრივია საუბარი. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების პირობებში ხელი მოეწერა კონკრეტულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მაშინდელმა ხელისუფლებამ თანხმობა მისცა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში [WTO] გაწევრებაზე და მას შემდეგ იყო ეს შეთანხმება, რომ შვეიცარიის შუამდგომლობით უნდა შექმნილიყო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა, თუმცა მას შემდეგ ეს საკითხი არის გაჩერებული და ჩვენი მხრიდან არავითარი ნაბიჯი არ გადადგმულა ამ მიმართულებით, აქედან გამომდინარე რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, ამ მიმართულებით, ზოგადი შეთანხმება არსებობს, თუმცა ამ კუთხითაც არავითარი აქტივობა არ ყოფილა. თუ რაიმე ცვლილება იქნება, რა თქმა უნდა, შეიტყობთ”, – აცხადებს კობახიძე.
იმის მიუხედავად, რომ გალში ტერმინალის აშენების შესახებ ინფორმაცია წლების განმავლობაში ეტაპობრივად ვრცელდებოდა, რამდენიმე თვის წინ ენგურზე სატვირთო ტერმინალის ამსახველი ფოტოების გავრცელების შემდეგ აფხაზურ ტელეგრამ არხებზე აფხაზურ საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია.
“როცა ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტერმინალს აშენებთ და ამავდროულად ამტკიცებთ, რომ ისინი ჩვენი მტრები არიან… ეს საერთოდ რა პოლიტიკაა? ხალხს ატყუებთ თუ საკუთარ თავს? რა ხდება? თბილისმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა, ჩვენ კი ამის შესახებ არც ვიცით! – წერდნენ აფხაზი მომხმარებლები მაშინ.
აღნიშნული ტერმინალის მიზნების შესახებ ნეტგაზეთთან შერიგების ყოფილი მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილიც საუბრობდა.
ზაქარეიშვილის აზრით, გალის რაიონში, ენგურის ხიდთან აშენებული დიდი ტერმინალი სქემის ნაწილია. ის ფიქრობს, რომ ტვირთები თურქეთიდან შემოდის საქართველოს გავლით და შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიიდან გააქვს რუსეთს:
„ეს ტერმინალი აეროპორტზეა მიბმული. ტვირთები შემოდის, ფუთავენ, ნაწილი სახმელეთო გზით გადააქვთ რუსეთში, ხოლო შორეული რეგიონებისთვის – თვითმფრინავებით. რატომ არ აშენდა ასეთი ტერმინალი, მაგალითად, გაგრაში? იმიტომ, რომ ტვირთების ნაკადი სწორედ გალის მხრიდან შედის. მით უმეტეს, აფხაზეთს ასეთი მოცულობის ტერმინალი საერთოდ არ სჭირდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერავინ გააკონტროლებს, აფხაზეთში რა ხდება და ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ვერც ქართულ მხარეს გამოიჭერს ამაში, რომ ხელს უწყობს სანქციების ავლას რუსეთისთვის, ვერც რუსეთს და, მით უმეტეს, ვერც არაღიარებულ აფხაზეთს. სწორედ ამ კონტექსტში მოხდა ამ აეროპორტის აღდგენა, ჩემი აზრით”.




