16 და 17 აპრილს რუსმა სამართალდამცავებმა ანექსირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარეს. კრემლის მედიების ცნობით დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფება Белая Масть-ის 12 წევრი.
როგორც კრემლის მედიები წერენ დაჯგუფების ლიდერი და დამფუძნებელი მიხაილ მაუროვი თავს საქართველოს აფარებს.
“დაკავებულების სახლებიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოიღეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურა, ნაციონალისტური ატრიბუტიკა.
დაჯგუფების ლიდერს დავალებული ჰქონდა საბრძოლო ერთეულის ფორმირება, გაწვრთნა და უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა”. – წერს გამოცემა TACC.
რუსეთის შსს-ს მტკიცებით დაკავებულების ტელეფონებში აღმოჩენილი მიმოწერა უკრაინის მხარეს მებრძოლ მოხალისე რუსულ დაჯგუფებებთან.
ტაბულა დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ამ ეტაპზე სუს-ი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.