ვლადიმირ პუტინის მიერ 7-10 მაისს გამოცხადებული დროებითი ზავის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთი უკრაინის დარტყმას უპასუხებს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღევანდელ, 6 მაისის პრესკონფერენციაზე.
„შეგახსენებდით ჩვენს პოზიციას: ცეცხლი შეწყდება, მაგრამ თუ კიევის რეჟიმისგან იგივე არ მოხდება და იქნება ჩვენს პოზიციებზე, ჩვენს ობიექტებზე დარტყმის მცდელობები, მყისიერად გაეცემა ადეკვატური პასუხი“, – უთხრა ჟურნალისტებს პესკოვმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო პუტინის მიერ 28 აპრილს ცალმხრივად გამოცხადებული დროებითი ზავი. მან ზავს „დიდი თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ არა სამი, არამედ 30 დღით.
სააღდგომოდ, 20 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობის დარღვევაში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
რუსეთი უკრაინასთან დროებით ზავს ცალმხრივად აცხადებს 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი “დიდ სამამულო ომში გამარჯვების” დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო. ცნობილია, რომ რუსეთის დედაქალაქში ჩასვლას გეგმავენ 20-მდე ქვეყნის ლიდერები.
ფორუმი
