რუსეთის ჯარები უკრაინის სუმის ოლქში ოთხ დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. ამის შესახებ 26 მაისს, ღამით ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა.
ეს პუნქტებია რუსეთთან საზღვრის მახლობლად მდებარე იუნაკოვსკის რაიონის სოფლები ნოვენკე და ბასოვკა და ხოტინის რაიონის სოფლები ვესელოვკა და ჟურავკა. გრიგოროვის თანახმად, ამ სოფლების მოსახლეობა დიდი ხანია ევაკუირებულია.
სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოწინააღმდეგე განაგრძობს წინსვლის მცდელობებს ე.წ. ბუფერული ზონის შესაქმნელად და საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ხოტინის და იუნაკოვსკის რაიონების რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან.
გრიგოროვის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები სიტუაციას აკონტროლებენ, შეტევებს იგერიებენ და რუსეთის ჯარებს არ აძლევენ სუმის ოლქის სიღრმეში გადაადგილების შესაძლებლობას.
უკრაინის სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ამ რეგიონში 2024 წლის აგვისტოში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.
უკრაინამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
22 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის და უკრაინის საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნის შესახებ.
25 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ხდება მტრის განდევნა სახელმწიფო საზღვრიდან”, რათა შეიქმნას „სანიტარიული ზონა“ და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის სასაზღვრო რეგიონების მოსახლეობის უსაფრთხოება.
ფორუმი
