რუსეთის ბელგოროდის ოლქის, კრასნოიარუჟის რაიონის თითქმის მთელი მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუირებულია, – თქვა რეგიონის გუბერნატორმა. ამის მიზეზი, უკრაინული ძალების წინსვლა გახდა, მეზობელ კურსკის რეგიონში. კიევი აცხადებს, რომ მისი მიზანი არაა რუსეთში ტერიტორიის დაკავება.
„11 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა”, – წერს გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი “ტელეგრამში”. „ამჟამად დაახლოებით 1000 ადამიანი დროებით საცხოვრებელშია მოთავსებული”, – ამბობს ის.
ომამდე ოლქის მოსახლეობა დაახლოებით 14000 ადამიანს შეადგენდა.
გუბერნატორმა ოლქის ევაკუაცია 12 აგვისტოს გამოაცხადა და ტერიტორიის შესასვლელი ჩაკეტა. რაიონის ხელმძღვანელმა, ანდრეი მისკოვმა თქვა, რომ 500 ადამიანი, რომლებიც დარჩნენ რაიონში, ძირითადად ოფიციალური პირები, სასწრაფო დახმარების მუშაკები და სპეციალისტები არიან.
კრასნოიარუჟის ოლქი უკრაინას დასავლეთით ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთით – კურსკის რეგიონის ბელოვის ოლქს, სადაც შეტაკებები მიმდინარეობს.
უკრაინულმა ძალებმა 12 აგვისტოს გამოაქვეყნეს ვიდეო, რომლის გეოლოკაციადაც კურსკის რაიონის ქალაქ სუჯას ცენტრია მითითებული. ვიდეოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია. ვიდეოში ისმის, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ამბობენ, რომ ჯერ არ შეხვედრიან რუსულ ძალებს.
რუსი სამხედრო ვიდეო ბლოგერები იუწყებიან, რომ სუჯა, საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 უკრაინული დრონი „განადგურდა“ ღამით კურსკის ოლქის თავზე და თითო ბელგოროდისა და ვორონეჟის რაიონებში.
უკრაინის სუმის რეგიონის საზღვარზე კი რუსმა სამხედროებმა ღამით დარტყმები განახორციელეს, რამაც დააზიანა სამოქალაქო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და რამდენიმე მანქანა. ამის შესახებ რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა სუმის რეგიონში „საომარი მოქმედებების მზარდი ინტენსივობის“ მოტივით მშვიდობიან მოქალაქეთა გადაადგილებაზე შეზღუდვები გამოაცხადა. ეს რუსეთთან საზღვრიდან 20 კილომეტრის დისტანციაზე ხდება.
12 აგვისტოს განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მოსკოვმა სასაზღვრო რეგიონი 1-ლი ივლისიდან უკრაინის სუმის რეგიონზე დაახლოებით 2100 თავდასხმის განსახორციელებლად გამოიყენა.
უკრაინულმა ძალებმა 6 აგვისტოს კურსკის რეგიონში მოულოდნელი შეჭრა დაიწყეს და დაიკავეს დაახლოებით 1000 კვადრატული კილომეტრი და სამოსახლო ცენტრები.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ „უკრაინა არ არის დაინტერესებული კურსკის ოლქის ტერიტორიის აღებით“.
“უკრაინის ეს ქმედებები აბსოლუტურად ლეგიტიმურია”, – დასძინა მან.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა 12 აგვისტოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ 28 დასახლება “მტრის კონტროლის ქვეშ იყო”.
„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევის სიღრმე 12 კილომეტრია, ფრონტის სიგანე 40 კილომეტრია“, – განაცხადა მან.
ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის გადამოწმება დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის შეუძლებელია, თუმცა ზოგიერთი ცნობით, რეგიონში უკრაინული ძალები უფრო ღრმადაც არიან შეჭრილნი.