ბოლო დღეებში რუსეთმა გაახშირა თავდასხმა უკრაინის სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე, რის გამოც გამოიწვია მსხვერპლი და დიდი ზიანი.
12 აპრილს მომხდარი ახალი დარტყმების სამიზნე, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, დნიპროპეტროვსკის ენერგოობიექტი იყო. უკრაინის სამხედრო უწყების და რეგიონის ოფიციალური პირების თანახმად, 12 აპრილს რუსეთის დრონებით თავდასხმის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ობიექტი სერიოზულად დააზიანა.
ენერგოობიექტი არ დასახელებულა სამხედრო ცნობაში, რომელშიც მხოლოდ ნათქვამია, რომ კრივორიჟკას რაიონში ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები „კრიტიკული“ ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა და ცეცხლი გააჩინა.
რეგიონის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა თქვა, რომ უკრაინელმა მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, მაგრამ ზიანის დაუყოვნებლივ შეფასება შეუძლებელი იყო.
იმავდროულად, 12 აპრილს, ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა თქვა, რომ უკრაინის ამ სამხრეთ რეგიონში ღამის განმავლობაში მომხდარმა რუსულმა დარტყმებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დააზიანა.
პროკუდინმა განაცხადა, რომ რეგიონში 15 დასახლებული პუნქტი დაიბომბა და აღნიშნა, რომ სამიზნე კონკრეტულად საცხოვრებელი უბნები იყო. მან თქვა, რომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რამდენიმე სახლი განადგურდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა სოციალურ მედიაში გავრცელებულ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ 12 აპრილს, ექვსი რეგიონის წინააღმდეგ გაშვებული 17 დრონიდან 16 ჩამოაგდო.
11 აპრილს, რუსულმა რაკეტებმა დაანგრია კიევიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ტრიპილსკის ელექტროსადგური, რომელიც კიევის, ჩერკასის და ჟიტომირის რეგიონებისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია.
თავდასხმა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, ხაზს უსვამს უკრაინის შესაძლებლობების კლებას, გაუმკლავდეს მოსკოვის მასიურ საჰაერო დარტყმებს.
უკრაინა თავის მოკავშირეებს სთხოვდა, საბრძოლო მასალების და იარაღის ბოლო კვირებში გაჩენილი მწვავე ნაკლებობის აღმოსაფხვრელი ძალისხმევა დაეჩქარებინათ. დახმარების მასიური, $60-მილიარდიანი პაკეტი ვაშინგტონში შეჩერებულია. რესპუბლიკელი კანონმდებლები ღრმა საშინაო რეფორმების გარეშე, პაკეტის დამტკიცებაზე უარს აცხადებენ.
11 აპრილს, ლიეტუვაში ვიზიტის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოკავშირეებს სთხოვა ბრძოლაში ჩართულ ქვეყანას მეტი ანტისაჰაერო სისტემები მიაწოდონ.