უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [ SBU] ცნობით, დასტურდება, რომ რუსეთი უკრაინას ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტებით ბომბავს. მათივე ცნობით, საუბარია Hwasong-11 (KN-23/24) ტიპის ბალისტიკურ რაკეტებზე, რომლებსაც სწორედ ოფიციალური ფხენიანი აწარმოებს. სპეცსამსახურის მონაცემებით, ამ რაკეტების გამოყენების შედეგად, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას უკრაინის ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ასზე მეტი მძიმედ დაშავდა.
„ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ერთ-ერთი პირველი ფაქტი აგრესორის მიერ, დაფიქსირდა 2023 წლის 30 დეკემბერს ზაპოროჟიეს დაბომბვის დროს. შემდეგი თავდასხმა კი მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, როდესაც ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. მტრის თავდასხმის შედეგად დაიღუპა დედაქალაქის 4 მცხოვრები, 50-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაშია“, – ნათქვამია SBU-ს ანგარიშში.
გარდა ამისა, როგორც SBU-მ განაცხადა, რუსებმა ჩრდილო კორეული რაკეტებით დაარტყეს დონეცკის ოლქის ხუთ სოფელს, რა დროსაც 17 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. რუსებმა იგივე რაკეტები გამოიყენეს ხარკოვის დაბომბვის დროსაც, დაიღუპა სამი ადამიანი და მძიმედ დაშავდა 60-ზე მეტი.
სხვა საკითხებთან ერთად, დგინდება თუ რა მარშრუტებით მიაწოდა ჩრდილო კორეის რეჟიმმა ბალისტიკური რაკეტები რუსეთს.