რუსეთი უარს ამბობს წამების აღკვეთის ევროპულ კონვენციაზეც

მოკლედ
· ს მთავრობამ გადაწყვიტა, უარი თქვას წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის ევროპული კონვენციის შესრულებაზე.
· კონვენციიდან გასვლის შემდეგ რუსეთი აღარ იქნება ვალდებული, თავის საპატიმროებში საერთაშორისო ინსპექტორები შეუშვას, რუსი პატიმრების საჩივრებს კი ვეღარ განიხილავს წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტი.
დღეს, 8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო დუმას დასამტკიცებლად გაუგზავნა კანონპროექტი წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აღკვეთის ევროპული კონვენციის დენონსაციის შესახებ.
რუსეთმა ამ კონვენციას ხელი 1996 წელს, ევროსაბჭოში გაწევრების შემდეგ მოაწერა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2023 წლიდან რუსეთი აღარ არის წარმოდგენილი წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ევროპულ კომიტეტში, რადგან ევროპის საბჭოს მიერ დაბლოკილია რუსეთიდან ახალი წევრის არჩევა. რუსეთი ამ გარემოებას „დისკრიმინაციულს“ უწოდებს.
კონვენციის დენონსაციის წინადადებით პუტინს რუსეთის მთავრობამ მიმართა.
მას შემდეგ, რაც 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს, მან ევროპული კონვენციების დენონსაცია დაიწყო. მათ შორის უარი თქვა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაზე. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს აღარ აქვთ სტრასბურგის სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ