რუსეთი სოციალური ქსელების რიგით მომხმარებლებსაც დაავალდებულებს რეგისტრაციას

ბლოგერები და სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები რუსეთში, რომელთა ყოველდღიური აუდიტორია 1000 ადამიანს აღემატება, შესაძლოა ვალდებულები გახდნენ, რომ რეგისტრაცია „როსკომნადზორში“ გაიარონ.
ინფორმაციას რუსეთში ახალი რეგულაციის ინიციატივის შესახებ „მედუზა“ ს სახელმწიფო სააგენტო “ტასზე” დაყრდნობით ავრცელებს.
„კანონის შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოყენების გარეშე ვრცელდება, უნდა მოიცავდეს სანდო მტკიცებულებებს მისი მფლობელის ან გამავრცელებლის შესახებ, იმ ფორმითა და იმ მოცულობით, რაც საკმარისი იქნება მისი იდენტიფიცირებისთვის. რეგულაცია ვრცელდება სოციალური ქსელებში პერსონალურ ანგარიშებზეც, თუმცა ეს მოთხოვნა უმეტეს შემთხვევაში ჯერჯერობით არ სრულდება”, – აცხადებს „როსკომნადზორი“ და სწორედ ამ ფაქტორს ასახელებს ახალი ინიციატივის საბაბად.
“როსკომნადზორის” ცნობით, დაკონკრეტდება პუნქტები, რათა ახალი რეგულაცია გავრცელდეს სოციალური ქსელების არა ყველა მომხმარებელზე, არამედ მათზე, ვისი ყოველდღიური აუდიტორიაც 1000 ადამიანს აღემატება.
ახალი ინიციატივა გულისხმობს, რომ იმ ბლოგერებმა/სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, რომლებსაც 1000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, „როსკომნადზორს“ უნდა შეატყობინონ თავიანთი გვარი, სახელი, მამის სახელი და საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც „იურიდიულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია“ მიეწოდებათ.“ რუსულ კომპანიებს აეკრძალებათ თავისი სარეკლამო შინაარსის მასალების გავრცელება საჯარო გვერდების საშუალებით, რომელთა წარმომადგენლებსაც უწყებაში საკუთარი თავის შესახებ არ განუცხადებიათ.
მედუზას ცნობით, მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთში მიიღეს ე.წ. კანონი ბლოგერების შესახებ, „როსკომნადზორმა“ შექმნა სოციალური ქსელების იმ მომხმარებელთა რეესტრი, ვისაც 3000-ზე მეტი აუდიტორია ჰყავდა. ეს ბლოგერები ვალდებულები იყვნენ, რომ რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ, გადაეცათ საკონტაქტო ინფორმაცია და გადაემოწმებინათ, მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხომ არ არღვევდა რომელიმე კანონს. თუმცა ამ რეესტრის წარმოება 2017 წელს შეწყდა და უწყება ინფორმაციის გავრცელების წყაროების სიის შედგენაზე გადაერთო.
ამ სიაში მოხვდნენ სოციალური ქსელები და სხვა საიტები, რომელთა მომხმარებელი ყოველდღიურად 500 000-ზე ადამიანია რუსეთის ტერიტორიიდან. სიაში მოხვედრილი კომპანიები ვალდებულნი არიან, რომ შეინახონ ინფორმაცია მომხმარებელთა ყველა ქცევის შესახებ და გადასცენ ინფორმაცია უშიშროების სამსახურს პირველივე მოთხოვნისთანავე. ამ სიაში არიან „იანდექსი“, „ВКонтакте“, „Одноклассники“ და სხვა.