კრემლმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი ღრმად შეშფოთებულია აშშ-ს მიერ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობით და გაფრთხილება გამოხატა, რომ ომმა დრამატულ ეტაპს მიაღწია ყველა მხრიდან ესკალაციით, – იუწყება Reuters-ი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებაზე დათანხმებამდე მას სურდა სცოდნოდა, რას აპირებდა უკრაინა ამ იარაღით, რადგან არ სურდა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ესკალაცია. თუმცა, მან თქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „ერთგვარად მიღებული“ ჰქონდა.
„ტომაჰავკის“ რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კმ-ს აღწევს, ანუ უკრაინას შეეძლება მათი გამოყენება რუსეთის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვის წინააღმდეგ, შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმებისთვის. აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ცნობით, „ტომაჰავკის“ ზოგიერთ ძველ ვარიანტს შეუძლია ბირთვული ქობინის გადატანა.
„ტომაჰავკის“ თემა უკიდურესად შეშფოთების საგანია“, – უთხრა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ახლა მართლაც ძალიან დრამატული მომენტია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაძაბულობა ყველა მხრიდან ესკალაციას განიცდის“.
უკრაინაში ომმა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე სისხლიანმა ომმა, რუსეთსა და დასავლეთს შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი დაპირისპირება გამოიწვია და რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი ახლა დასავლეთთან „ცხელ“ კონფლიქტში იმყოფებიან.
პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუსეთის მიმართულებით „ტომაჰავკებს“ გაუშვებენ, მოსკოვს მოუწევს გაითვალისწინოს, რომ რაკეტის ზოგიერთ ვერსიას შეუძლია ბირთვული ქობინების ტარება.
„წარმოიდგინეთ: გაშვებულია და მოფრინავს შორი რადიუსის რაკეტა და ჩვენ ვიცით, რომ ის შეიძლება იყოს ბირთვული. რა უნდა იფიქროს რუსეთის ფედერაციამ? როგორ უნდა მოახდინოს რეაგირება რუსეთმა? საზღვარგარეთელ სამხედრო ექსპერტებს ეს უნდა ესმოდეთ,”- თქვა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ „ტომაჰავკების“ გამოყენება შეუძლებელი იყო აშშ-ის სამხედრო პერსონალის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე და ამიტომ უკრაინისთვის ასეთი რაკეტების ნებისმიერი მიწოდება „ესკალაციის თვისებრივად ახალ ეტაპს“ გამოიწვევდა.
„ფაინენშალ ტაიმსმა“ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ აშშ თვეების განმავლობაში ეხმარებოდა უკრაინას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე შორი რადიუსის დარტყმების განხორციელებაში სადაზვერვო მასალის მიწოდებით.
ფორუმი
