CBS News-ის ცნობით, რუსეთმა სამხედრო-საზღვაო ხომალდები გააგზავნა ნავთობის ტანკერის დასაცავად, რომელსაც ატლანტის ოკეანეში აშშ-ის ძალები მისდევენ.
გამოცემის ცნობით, გემი, რომელიც ამჟამად ცარიელია, ისტორიულად ვენესუელურ ნედლ ნავთობს გადაზიდავდა და სამშაბათს შოტლანდიასა და ისლანდიას შორის იმყოფებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში განაცხადა, რომ გასცემდა ვენესუელაში შესულ და იქიდან გამოსულ სანქცირებულ ტანკერების ბლოკირების ბრძანებას.
აშშ-ის მიერ ქვეყნის ყოფილი ლიდერ ნიკოლას მადუროს დაკავებამდე, ტრამპი არაერთხელ ადანაშაულებდა ვენესუელის მთავრობას აშშ-ში ნარკოტიკების გადასაზიდად გემების გამოყენებაში.
ბიბისის ცნობით, აშშ-ის სანაპირო დაცვა გასულ თვეში კარიბის ზღვაში შეეცადა გემზე “Bella 1” ასვლას, რომელიც ვენესუელისკენ მიემართებოდა. მათ ჰქონდათ გემის დაკავების ორდერი აშშ-ის სანქციების დარღვევისა და ირანული ნავთობის ტრანსპორტირების ბრალდებით. თუმცა გემმა მკვეთრად შეიცვალა კურსი, ასევე სახელი [Marinera დაერქვა] და გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დროშის ქვეშ გადავიდა. მისი ევროპასთან მიახლოება დაემთხვა დაახლოებით 10 ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოჩენას.
რუსეთი აცხადებს, რომ „შეშფოთებით აკვირდება“ გემის ირგვლივ შექმნილ ვითარებას. ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა სამშაბათს CBS News-ს განუცხადა, რომ ამერიკული ძალები გემზე ასვლას გეგმავდნენ და ვაშინგტონი მის ჩაძირვას დაკავებას ამჯობინებდა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, კონკრეტული ქვეყნის დროშის ქვეშ მყოფი გემი ამ სახელმწიფოს მფარველობაშია, თუმცა როგორც ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა განიცხადა BBC Verify-ს, სახელისა და დროშის შეცვლამ შესაძლოა ბევრი არაფერი შეცვალოს:
„აშშ-ის ქმედებებს განაპირობებს გემის იდენტობა (IMO ნომერი), მფლობელობა და სანქციების ისტორია და არა მისი სახელწოდება ან დროშა.“
მისივე თქმით, გემის რუსულ რეესტრში გადასვლამ შესაძლოა „დიპლომატიური უთანხმოება“ გამოიწვიოს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა:
„ამჟამად ჩვენი გემი იმყოფება ჩრდილოეთ ატლანტიკის საერთაშორისო წყლებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის ქვეშ და სრულად იცავს საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმებს. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, რუსული გემი აშშ-ისა და ნატო-ს მხრიდან გაზრდილი და აშკარად არაპროპორციული ყურადღების ცენტრშია, მიუხედავად მისი მშვიდობიანი სტატუსისა.“




