ევროკავშირმა ფაქტობრივად საერთოდ შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და ქვანახშირის იმპორტი. რუსულ გაზს რაც შეეხება, მასზე მთლიანად უარის თქმას ევროკავშირი შემუშავებული გეგმის მიხედვით 2027 წლის ბოლოსთვის აპირებს.
როგორ აისახება ეს რუსეთის ეკონომიკაზე და რა ალტერნატივა აქვს ევროპას ენერგომომარაგების კუთხით? – ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე თვლის, რომ რუსული ნავთობისთვის ევროპის ბაზრის დაკარგვა რუსეთში, პირველ რიგში, ვალუტის დეფიციტს შექმნის, მეტიც, 3-4 წელში აღარ იარსებებს რუსეთი, როგორც ენერგოაქტორი მსოფლიო ბაზარზე.
„ევროკავშირმა რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვა უფრო ადრე აკრძალა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ევროპაში ქვანახშირის იმპორტის თითქმის 50 პროცენტი და ნავთობის იმპორტის 27 პროცენტი რუსეთიდან შედიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია.
უკრაინაში რუსეთის აგრესიის მეოთხე წელს ევროკავშირმა საბოლოოდ მოიფიქრა, როგორ უნდა თქვას უარი რუსულ გაზზე, რომ შეამციროს კრემლის ომის დაფინანსება და ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლის შესაძლებლობა.
თუ ეს გეგმა განხორციელდება, 2027 წლის ბოლოსთვის ევროპა რუსეთისგან არც ბუნებრივ აირს [მილსადენებით] და არც თხევად გაზს არ შეიძენს“, – წერს „ბიბისის“ რუსული რედაქცია.
რუსულ ნავთობზე უარის თქმა „არ იყო ევროკავშირისთვის ძალიან მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. 10-12 წლის წინ ევროპა 58 პროცენტით იყო დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და დაიწყეს ვერიფიკაცია…
ახლა, რუსული ნავთობის შეწყვეტის შემთხვევაში, საკმარისია მაგალითად, საუდის არაბეთს კვოტები აუწიონ და პრობლემა ევროპაში აღარ იქნება. დღეს კვოტა არის 10,5 მილიონი ბარელი დღეში, 12-მდე რომ აწიოს ევროკავშირმა, ეს 2 მილიონი ბარელი ყოფნის ევროპას მთლიანად“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე.
„ევროკავშირში რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეტანის აკრძალვა რუსეთისთვის შექმნის მთავარ პრობლემას – ვალუტის დეფიციტს. შეიძლება ითქვას, რომ უკვე შექმნა – რუსეთში თავისუფლად კონვერტირებულ ვალუტას ვერ გამოიტანთ ბანკიდან, ლიმიტია დაწესებული – თვეში 300-მდე დოლარი მგონი.
რუსეთი ტექნოლოგიურად მთლიანად დამოკიდებულია დემოკრატიულ მსოფლიოზე – კომპიუტერსაც ვერ ააწყობენ. ეკონომიკურად ცუდ მდგომარეობაში არიან და ეს გაუარესდება და გაუარესდება. არ გამოვრიცხავ, რომ სურსათის კრიზისიც კი დაიწყოს რუსეთში“, – აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
რაც შეეხება გაზს, ექსპერტი თვლის, რომ „რუსეთის ეკონომიკაზე გაზი იმდენად არ მოქმედებს, მთავარია ნავთობი. ბოლო ეფექტური წელი რუსეთისთვის, ექსპორტის თვალსაზრისით, 2019 წელი იყო.
მაშინ რუსეთიდან განხორციელდა ნავთობის ექსპორტი 174 მილიარდი დოლარის ოდენობით, ხოლო გაზის – 48 მილიარდი დოლარის. ამიტომ, გაზი რუსეთის ხელში არის უფრო გეოპოლიტიკური იარაღი, ვიდრე ეკონომიკური ბერკეტი. რუსეთს გაზის ექსპორტი უფრო გეოპოლიტიკური მიზნებისთვის სჭირდება. ამ მიზნებისთვის კი რუსეთი, ჯერ კიდევ პეტრე დიდის პერიოდიდან, ეკონომიკას დიდ ყურადღებას არ აქცევდა.“
ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ „ახლა ევროპამ ისწავლა ჭკუა და თანდათან რუსეთს თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. ამას დასჭირდება მინიმუმ, ალბათ, 3-4 წელი… მთლიანობაში 2030 წლისთვის აღარ იარსებებს რუსეთი, როგორც ენერგო აქტორი მსოფლიო ბაზარზე. თუ, რა თქმა უნდა, არ შეიცვალა პუტინი და სხვა ვინმე ლიბერალი არ მოვიდა, თუნდაც ელცინისნაირი.“
შეუძლია თუ არა რუსეთს მოიძიოს ევროპის ბაზრის ალტერნატივა ნავთობის ექსპორტისთვის? – ექსპერტი თვლის, რომ რუსეთი ამას ვერ შეძლებს.
„რატომ გგონიათ, რატომ მირბის ჩინეთში? – უნდა, რომ ჩინეთი გახადოს ალტერნატივა, მაგრამ ჩინეთი ჭკვიანია, მას აქვს ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირებული სქემა და ამ სქემის შეცვლა არ უნდა. რატომ? – იმიტომ, რომ ჩინეთში ნავთობი შედის ყაზახეთიდან. ყაზახეთს აქვს სამი უზარმაზარი ნავთობის საბადო და აქედან მხოლოდ ერთში ფლობს რუსეთი 15%-ს, ამასაც „ლუკოილი“, რომელიც მთლად რუსეთის არ არის.
უკვე დიდი ხანია აწყობილია სქემები, რომლებიც რუსეთის ნავთობსადენთან არ არიან დაკავშირებული – სპეციალური ნავთობსადენი ააშენეს ყაზახეთი-ჩინეთი და ეს ყაზახური ნავთობი ამ გზით მიდის ჩინეთში. ანალოგიურად უზბეკეთიდანაც. უზბეკეთი კი უღიმის რუსეთს, თუმცა, სინამდვილეში ანტირუსულ ენერგოპოლიტიკას ატარებს ამ კუთხით“, – ამბობს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
რაც შეეხება გაზს, „ბიბისის“ ინფორმაციით:
„ევროკავშირმა დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა მიზანი – საერთოდ თქვას უარი რუსულ ენერგომატარებლებზე 2027 წლის ბოლოსთვის, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოიფიქრა, როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ ევროპულმა კომპანიებმა შეძლონ ფორსმაჟორის გამოცხადება და არ გადაუხადონ ჯარიმა რუსულ „გაზპრომს“ რუსული გაზის შესყიდვაზე გრძელვადიანი კონტრაქტების პირობების შეუსრულებლობის შემდეგ.
უმარტივესი გზა იქნებოდა სანქციების დაწესება რუსულ გაზზე, ისევე როგორც ეს გააკეთეს ნავთობისა და ქვანახშირის შემთხვევაში, მაგრამ ამ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნების ერთსულოვნება ვერ იქნა მიღწეული.
ახალი გეგმა ითვალისწინებს თანდათანობით სავაჭრო შეზღუდვებს რუსული გაზის იმპორტზე ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასაცავად.
ამ გეგმის თანახმად, ახალი კონტრაქტებით რუსული გაზის შესყიდვა უნდა აიკრძალოს 2026 წლის 1-ელი იანვრიდან; არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებით – 2026 წლის 17 ივნისიდან, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტებით რუსული გაზის ყიდვა უნდა აიკრძალოს 2027 წლის ბოლომდე. ასევე შეწყდება რუსული თხევადი გაზის შესყიდვებიც.
„ბიბისი“ ასევე წერს, რომ ევროკავშირმა გამონაკლისი დაუშვა უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის – „მათ მოკლევადიანი კონტრაქტებით იმპორტის უფლება 2027 წლის ბოლომდე მიეცათ, თუმცა, ისინი უკმაყოფილო დარჩნენ და ევროკავშირზე ზეწოლის ახალ ბერკეტებს ეძებენ“.
„ევროკავშირი არ მალავს, რომ საკითხი პოლიტიკურია და გეგმა დაიწერა არა ეკონომიკური სარგებლისთვის, არამედ უკრაინის მხარდასაჭერად და ევროპის დასაცავად კრემლის ენერგეტიკული შანტაჟისა და გაზის დიპლომატიისგან.“ – წერს „ბიბისი“.
ალექსანდრე თვალჭრელიძე ამბობს, რომ „როგორც ჩანს, ევროპაში რუსულ გაზზე 2027 წლამდე მთლიანად ვერ იტყვიან უარს. აქ აღსანიშნავია – ტრამპი რომ აცხადებს ჩვენგან იყიდეთ გაზიო – ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს საექსპორტო ტერმინალები, იმისთვის, რომ გათხევადებული გაზი მიაწოდოს ევროპას.
რაც აქვთ, ძალიან ცოტა და ძალიან ცუდი სიმძლავრისაა. მაგალითად, იაპონიას უფრო მძლავრი ტერმინალები აქვს, ვიდრე აშშ-ს. შტატებს განუვითარებელი აქვს ეს ინდუსტრია, თუმცა, შეუზღუდავი რესურსი აქვს გაზის მარაგის.
ექსპერტს მიაჩნია, რომ ევროპისთვის გათხევადებული გაზის მიღება არ იქნება პრობლემა, ვინაიდან არიან სხვა მიმწოდებლები: ბუტანი, ალჟირი, ეგვიპტე, ლიბანი, ტობაგო, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ამასთან, „გაზის რესურსების ფლობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა ირანი [პირველზეა რუსეთი, მეორეზე – კატარი. რაც შეეხება ნავთობს – ნავთობის მარაგით ირანი მესამე ადგილზეა და რუსეთი მეშვიდეზე. პირველ ადგილზე კი – ვენესუელაა].
„ვთვლი, რომ საბოლოო ჯამში ირანის გაზიც ჩაერთვება ალბათ ევროპისთვის გაზის მიწოდების სქემაში, თუმცა, მთავარია როგორ დასრულდება იქ დღეს მიმდინარე პროცესები.
ევროპამ არ უნდა თქვას უარი ირანის გაზზე – მე მათ ადრეც ვეუბნებოდი, რომ ეს იქნება ირანის ჩართვა დემოკრატიულ პროცესში, რომელზეც უარს მერე ვეღარ იტყვის… როგორც რუსეთი დარჩა თავისუფალი ბაზრის მძევალი, ასევე ირანიც დარჩებოდა. ირანი, უბრალოდ, ფანტავს თავის გაზს.
პირველი, რაც გააკეთა ევროპამ ჯერ კიდევ 2022 წელს – ძალიან სწრაფად ააშენა გათხევადებული გაზის ტერმინალები. ცალკე ააშენა საფრანგეთმა, ცალკე გერმანიამ, ცალკე ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა. ასე რომ ამ სიმძლავრეს ზრდიან.
მეორე – ეს არის ალჟირის გაზი. არის ერთი გაზსადენი, რომელიც გადის კუნძულ სარდინიაზე, იტალიაში. იტალია პრაქტიკულად მთლიანად მარაგდება ალჟირის გაზით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სიცილიაზეც უნდა გაიყვანონ ერთი გაზსადენი და მაშინ მოგვარდება პრობლემა – ამ კუთხით, როგორც ვიცი, სამუშაოები მიმდინარეობს.
მესამე – ეს არის ეგვიპტის გაზის ჩართვა ამ ქსელში – ამისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი“.
ალექსანდრე თვალჭრელიძის თქმით, ზოგადად, მსოფლიოში ენერგომატარებლების რთული სქემებია – არის წმინდა ბიზნესსქემები, არის გეოპოლიტიკური სქემები, თუმცა ევროკავშირის ბაზრის დაკარგვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს რუსეთის საზიანოდ.
„რაც უკვე დაემართა და დაემართება რუსეთს, ეს მან დაიმსახურა და დროა ფასი გადაიხადოს იმაზე, რაც ჩაატარა ჯერ საქართველოში, მერე ყირიმში და ახლა ატარებს უკრაინაში. მე ცალსახად მეჩვენება რომ რუსეთი, შეიძლება ხვალ და ზეგ არა, მაგრამ სტრატეგიულად დაშლის გზას მიადგა – იმპერიის დაშლის გზას. ყველა იმპერია ბოლოს და ბოლოს იშლება და რუსეთიც დაიშლება“, – დასძენს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
წყარო: “ბათუმელები”
