რუსეთი მოსკოვში გულაგის ისტორიის მუზეუმს ხურავს
რუსეთის ხელისუფლების ბრძანებით ხუთშაბათიდან, 14 ნოემბრიდან, დაიხურა გულაგის ისტორიის მუზეუმი, რომელიც საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას ინახავს. მისი დახურვა, ოფიციალურად, სახანძრო უსაფრთხოების წესების სავარაუდო დარღვევით ახსნეს, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოებისა და იმ ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარე აქტიური კამპანიის ფონზე გადაიდგა, ვინც სახელმწიფოს მიერ ისტორიის ინტერპრეტაციას ეჭვქვეშ აყენებს. „გულაგის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული“, – განუცხადეს სააგენტო „ფრანს პრესს“ კულტურის მოსკოვის დეპარტამენტში. მუზეუმმა თავისი ვებ-გვერდიდან მასალები აიღო და ისინი „დროებითი“ დახურვის შესახებ განცხადებით ჩაანაცვლა.
დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე სააგენტოს უარი უთხრეს. მოსკოვის ცენტრში მდებარე, 2001 წელს დაარსებული მუზეუმში, ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტებთან ერთად, გულაგის მსხვერპლთა ოჯახურ ფოტოები და ნივთებიც ინახება. მოსკოვის ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში მუზეუმს 46 000 ადამიანი ეწვია. გულაგი არის პატიმართა შრომითი ბანაკების ფართო ქსელი, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა (გულაგი, რუსულად ГУЛаг — აკრონიმი Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний – რედ.)
იმ პერიოდში, რომელსაც ისტორიკოსები მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ეპოქას უწოდებენ, გულაგში „მოღალატედ“ და „სახელმწიფოს მტრად“ შერაცხული მილიონობით ადამიანი გაგზავნეს, რაც, ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. 2021 წელს ევროპის საბჭომ გულაგის მუზეუმს „მუზეუმების პრიზი“ მიანიჭა და აღნიშნა, რომ მისი ნამუშები „ნათელს ჰფენენ ისტორიას და განაპირობებენ სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას, ხელს უწყობენ დღეს და მომავალში პოლიტიკური რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის წინააღმდეგობის გაწევას“.
მუზეუმის შესასვლელთან მყოფმა მუშა მიხაილმა, რომელმაც გვარის დასახელებაზე უარი თქვა, მისი შესაძლო დახურვის გამო სინანული გამოთქვა. „ეს არის ძალიან კარგი, შთამბეჭდავი მუზეუმი. სამწუხაროა, ასე რომ მოხდა. ეს არის დანაკარგი, დიდი დანაკარგი, ღმერთმა არ ქნას, რომ სამუდამოდ დაიხუროს. საჭიროა, რომ ის ხალხმა ნახოს და გაიგოს, რაც მოხდა, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს““, – განუცხადა მან „ფრანს პრესს“. თუმცა, მუზეუმის დახურვას მიესალმა მოსკოველი იულია, 50 წლის მუსიკოსი, რომელმაც გვარის დასახელებაზე ასევე უარი თქვა.
„მე ასეთი დაწესებულებების წინააღმდეგი ვარ, – აღნიშნა იულიამ, რომელიც ახლომდებარე პარკში ძაღლს ასეირნებდა, – მე სტალინისტი ვარ… ადამიანები ყველა ეპოქაში იღუპებიან, მათ შორის ახლაც. ჩვენ არ შეგვიძლია ყველა ეპოქისთვის ძეგლის დადგმა. ხელისუფლებაში ყოფნის 24 წლის განმავლობაში, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობდა, რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან მისი დამოკიდებულებებისთვის გადაეხედა. მართალია, ის, დროდადრო, იოსებ სტალინის მმართველობის წლებში მომხდარ ფართომასშტაბიან რეპრესიებს გმობდა, მაგრამ ყველაზე ხშირად სწორედ ის ადიდებს სტალინს, როგორც დიდ სამხედრო ლიდერს“.
სასკოლო სახელმძღვანელოები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ „დიდი ტერორის“ მილიონობით მსხვერპლს, რადგან მიაჩნიათ, რომ ის ხელს უშლის საბჭოთა კავშირის, როგორც ნაცისტური გერმანიის დამმარცხებელი დიდი ძალის პოპულარიზებას. ხელისუფლება სულ უფრო მეტად ავიწროებს ინდივიდებსა და ჯგუფებს, რომლებიც ამ მიდგომას ეწინააღმდეგებიან. ეს კამპანია უკრაინაზე თავდასხმის ფონზე კიდევ უფრო გააქტიურდა. 2021 წელს ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება ნობელის პრემიის ლაურიატი არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთ აღრიცხავს და ამჟამინდელ რეჟიმს ადამიანის უფლებების დარღვევაში ამხელს. გასულ თვეში გულაგის ისტორიის მუზეუმმა გამართა კამპანია „სახელების დაბრუნება”, რომლის დროსაც ადამიანები საბჭოთა ტერორის დროს დაღუპული ადამიანების გვარებს კითხულობდნენ.
წყარო: 1tv.ge