რუსეთი მეორე ადგილზეა G20-ის ქვეყნებს შორის, სადაც 2025 წელს პოლიტიკური საპროტესტო აქციების ყველაზე დიდი რისკი არსებობს. ინფორმაციას Bloomberg Economics საკუთარ ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს შორის სავარაუდო პროტესტების 6%-იანი მაჩვენებლით პირველი ადგილი თურქეთმა დაიკავა, რომელსაც რუსეთი 4%-იანი მაჩვენებლით მოსდევს.
ანალიზის დროს გათვალისწინებული იყო უკვე მომხდარი კონფლიქტები სახელმწიფოსა და ხალხს, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის, რომლის დროსაც, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. მაგალითად, Bloomberg Economics-მა რუსეთის პოლიტიკურ ძალადობას შორის, რომელიც ანალიზის კრიტერიუმებს შეესაბამება, 2023 წლის ივნისის “ვაგნერის” აჯანყებაც დაასახელა.
მესამე ადგილზე მომავალი წლის არეულობის 2,9%-იანი ალბათობით აშშ-ია. იმის მიუხედავად, რომ ალბათობა დაბალია, ის მაინც იზრდება. აშშ-ში ფართო სამოქალაქო არეულობის რისკებს საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის მიზნით ივლისსა და 15 სექტემბერს მომხდარი სროლის ფაქტები ზრდის.
Bloomberg-ის პროგნოზით, მეოთხე ადგილზე სათითაოდ 2%-იანი მაჩვენებლით ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, დიდი ბრიტანეთი და მექსიკაა, ხოლო გერმანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში, კორეაში, არგენტინაში, იტალიაში, ავსტრალიასა და კანადაში არეულობის 1%-იანი ალბათობაა.
ცნობისთვის: Bloomberg Economics-მა ანალიზი პოლიტიკური არასტაბილურობის მიზნობრივი ჯგუფის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით ჩაატარა. მიზანი იმ ფაქტორების იდენტიფიცირებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანა შიდა დაპირისპირების მიმართ მოწყვლადი გახადოს.
მოდელი ორი ცვლადი კრიტერიუმისგან შედგება. ეს არის პოლიტიკური რეჟიმი (დემოკრატია, ავტოკრატია ან ანოკრატია) და ფრაქციულობის საზომი, რომელიც არასტაბილური სახელმწიფოების ინდექსს იყენებს და სოციალურ ჯგუფებს შორის, ასევე, ინსტიტუტებსა და პოლიტიკაში განსხვავებებს განიხილავს.
bpn.ge