რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ სვლისთვის მზადაა და მხარს უჭერს “თბილისის ყველა ინიციატივას ამ მიმართულებით”. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს.
“ჩვენ გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ემთხვევა ორივე ხალხის ინტერესებს… ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება. ამ კონტექსტში, ჩვენ ვემხრობით მოცემულ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ, გავყვეთ ამ გზას”. – თქვა ზახაროვამ ბრიფინგზე.
ინიციატივა, რომელზეც ზახაროვა საუბრობს, პრორუსულ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ეკუთვნის. ცოტა ხნის წინ პარტიის ლიდერებმა მამუკა ფიფიამ და მიხეილ ჟღენტმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად მიმართეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თხოვნით.
11 ივნისს ტელეკომპანია მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება მოსკოვთან მუშაობას საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით იწყებს. მაშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო და მას “ჭორი” უწოდა.