რუსეთი განიხილავს საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას აფხაზეთის ტერიტორიის გავლით, — ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განუცხადა.
„მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა ბლოკირებული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით“, — განაცხადა მან.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია „დიდი ამოცანის“ გადასაჭრელად, რაც „კავკასიაში სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების განმტკიცებას“ გულისხმობს, ეს კი „კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხების მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“.
„ვიმედოვნებთ, რომ რეგიონის ყველა სახელმწიფო კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ამ მნიშვნელოვანი საერთო ამოცანის გადაჭრაში“, — დასძინა ოვერჩუკმა.
რუსულ მხარეს ეს საკითხი წარსულშიც არაერთგზის დაუყენებია, თუმცა “ქართული ოცნების” პოზიცია იყო, რომ ეს საკითხი დადებითად მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როცა თბილისი აფხაზეთზე კონტროლს დაიბრუნებს.
რუსეთს, აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული სარკინიგზო მაგისტრალი ისტორიულად შავიზღვისპირა რკინიგზის ნაწილია. დღესდღეობით ეს მონაკვეთი ომის გამო გაწყვეტილია და ერთიანი მოძრაობა არ ხორციელდება.
1. რუსეთის მონაკვეთი
რკინიგზა იწყება რუსეთის ქალაქ ადლერიდან (სოჭი), საიდანაც მიემართება სამხრეთით, მდინარე ფსოუსკენ, რომელიც წარმოადგენს გამყოფ ხაზს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის.
2. აფხაზეთის მონაკვეთი
მდინარე ფსოუს გადაკვეთის შემდეგ, ლიანდაგი გადის შემდეგ დასახლებულ პუნქტებზე:
· ლესელიძე (გიაჩრიფში)
· გაგრა
· გუდაუთა
· ახალი ათონი
· სოხუმი (ცენტრალური კვანძი)
· ოჩამჩირე
· გალი
3. დანარჩენ საქართველოსთან კავშირი
გალის შემდეგ რკინიგზა მიდის მდინარე ენგურამდე, რომელიც აფხაზეთის რეგიონს სამეგრელოსთან აკავშირებს.
· ენგურის ხიდი: სწორედ აქ არის სარკინიგზო ხაზი ფიზიკურად გაწყვეტილი (ხიდი აფეთქდა 1992 წელს კონფლიქტის დროს).
· ზუგდიდი: ენგურის გამოღმა მხარეს რკინიგზა გრძელდება ზუგდიდის მიმართულებით.
· სენაკი: ზუგდიდიდან მომავალი ხაზი სენაკში უერთდება საქართველოს მთავარ სარკინიგზო მაგისტრალს (თბილისი-ბათუმი).
არსებული მდგომარეობა:
· რუსეთი – სოხუმი: ამ მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით დადის როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლები.
· სოხუმი – ენგური: ეს მონაკვეთი ამჟამად პრაქტიკულად უფუნქციოა და ინფრასტრუქტურა ბევრგან დაზიანებულია.
· ენგური – ზუგდიდი – თბილისი: ეს მონაკვეთი იმართება “საქართველოს რკინიგზის” მიერ და ფუნქციონირებს ჩვეულ რეჟიმში, თუმცა აფხაზეთის მიმართულებით მატარებლები ვერ გადადიან.




