რუსეთი კვერცხის იმპორტს არა მხოლოდ თურქეთიდან, არამედ ირანიდანაც გეგმავს. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისამდე, რუსეთის ფედერაციაში 1,2 მილიარდი ერთეულის იმპორტია დაგეგმილი. ამის შესახებ ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პრესრელიზშია ნათქვამი.
„დსთ-ს არაწევრი ქვეყნებიდან მიწოდება 2020 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, რაც განპირობებული იყო თვითდაკმაყოფილების მაღალი დონით, თუმცა ახლა ეს აუცილებელია მომხმარებელთა მოთხოვნის გაზრდისა და წარმოების შემცირების ფონზე. ჩვენ ვხედავთ კვერცხზე ფასის შესამჩნევ ზრდას“, – აღნიშნავს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ვაჭრობის მინისტრი ანდრეი სლეპნევმა, ციტირებულ შეტყობინებაში.
მისი თქმით თურქეთიდან და ირანიდან იმპორტი ტარიფების დროებით შემსუბუქებას უზრუნველყოფს.
რუსეთმა ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას, ბოლო პერიოდში კვერცხის ფასების მკვეთრი ზრდის გამო, იმპორტის გადასახადების გაუქმების წინადადებით მიმართა. კომისია აღნიშნულ მოთხოვნას დაეთანხმა.
კვერცხის გაძვირება ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გასულ კვირას პირდაპირ ეთერში, ფასების ზრდა მთავრობის მუშაობის წარუმატებლობით ახსნა, რომელმაც გაზრდილი მოთხოვნის ფონზე იმპორტი საჭირო ოდენობით არ უზრუნველყო. მან იმედი გამოთქვა, რომ გატარებული ღონისძიებები სიტუაციას გააუმჯობესებს.
კვერცხების გაძვირების საკითხებს რუსეთის ფედერალური ანტიმონოპოლიური სამსახური აკონტროლებს და ფასების ზრდის პროცესით გენერალური პროკურატურაც დაინტერესდა.
„როსსტატის“ მონაცემებით, 5 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით რუსეთში კვერცხის ფასი 4,6%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 46,2%-ით გაიზარდა. ეს არის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი სურსათის ბაზარზე.
რუსეთის ფედერაციის სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებმა ნოემბერში 3,106 მილიარდი კვერცხი აწარმოვეს, რაც 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. 11 თვის განმავლობაში წარმოება გაიზარდა 2%-ით, 34,847 მილიარდ ერთეულამდე.
კვერცხის გადაზიდვა ნოემბერში შემცირდა 1,8%-ით და 2,817 მლრდ ცალ შეადგინა, იანვარ-ნოემბერში 1,9%-ით, და 31,254 მლრდ იყო. სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებში კვერცხის მარაგმა ნოემბრის ბოლოს 245,9 მლნ ცალი შეადგინა, რაც 46%-ით ნაკლებია შარშანდელთან შედარებით.
როგორც კვირას სოფლის მეურნეობის მინისტრმა დიმიტრი პატრუშევმა განაცხადა, თურქეთიდან კვერცხის მიწოდება ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი, ახალი წლის შემდეგ კი ფასები კლებას დაიწყებს.