ირანთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებით, რუსეთი განაგრძობს დასავლეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნას, – აღნიშნავს თავის ანგარიშში ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი (ISW).
„კრემლი უკრაინაში ომს დასავლეთთან დაპირისპირებისთვის რიგ სახელმწიფოებთან ორმხრივი ურთიერთობების შესანარჩუნებლად და კოალიციის შესაქმნელად იყენებს, რაც დიდი ხანია რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ ასპექტს წარმოადგენს”, – ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთი, კერძოდ, ცდილობს გააძლიეროს ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასთან და მიიღო ბალისტიკური რაკეტები და საარტილერიო საბრძოლო მასალა ფხენიანისგან, სავარაუდო ტექნოლოგიური თანამშრომლობისა და სხვა უცნობი მხარდაჭერის სანაცვლოდ, რაც სეულში ნახევარკუნძულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეშფოთებას იწვევს.
თებერვალში The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა, საბრძოლო მასალის სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეას მისცა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის საშუალება და ასევე განბლოკა ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი აქტივი, რომლებიც გაეროს სანქციებს ექვემდებარებოდა.
ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების განსახილველად, 19 მარტს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო შეხვდა კორეის ნახევარკუნძულის საკითხებში ჩინეთის სპეციალურ წარმომადგენელს, ლიუ სიაომინგს. რუდენკომ და ლიუმ დაადანაშაულეს შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო სიტუაციის გაუარესების გამო და გააფრთხილეს შეერთებული შტატები, თავი შეიკავოს ცივი ომის სტილის “ბლოკური აზროვნების” გავრცელებისგან.
2023 წლის შემოდგომაზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო თავისი სადაზვერვო სამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ირანთან და ბელარუსთან ერთად, ჩრდილოეთი კორეა შეიძლება გახდეს იარაღის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმწოდებელი რუსეთისთვის.
ახლახან სამხრეთ კორეის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ 2023 წლიდან ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთში გაგზავნა დაახლოებით 7000 კონტეინერი, რომლებიც დატვირთული იყო საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო აღჭურვილობით. ჩრდილოეთი კორეა თავდაპირველად გემებს იყენებდა, მაგრამ ახლა სულ უფრო ხშირად მიმართავს სარკინიგზო საშუალებებს იარაღის ტრანსპორტირებისთვის, – განაცხადა ამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც სეულის ცნობით, ფხენიანმა იაპონიის ზღვისკენ მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.
· აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 4 იანვარს განაცხადა, რომ ჩრდილოეთმა კორეამ რუსეთს მიაწოდა ბალისტიკური რაკეტების გასაშვები დანადგარები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა და ერთი მათგანი რუსეთმა უკრაინაში 30 დეკემბერს გამოიყენა. ამერიკული წყაროების ცნობით, რუსეთმა ფხენიანისგან შეძენილი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 2 იანვარსაც.