რუსეთი ბენზინის ექსპორტს 6 თვით აჩერებს

რუსეთის მთავრობა გეგმავს, რომ ბენზინის ექსპორტი 6 თვით აკრძალოს. აკრძალვა ძალაში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს ს ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის წარმომადგენელმა განუცხადა.
რუსული მედია წერს, რომ ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბირჟაზე დიზელის რეალიზაციის სტანდარტის 16%-მდე გაზრდაზე. ექსპორტის დროებითი აკრძალვა არ შეეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ე.წ. აფხაზეთს, მონღოლეთსა და უზბეკეთს.
ვიცე-პრემიერ ნოვაკის წარმომადგენელმა რუსულ მედიასთან დაადასტურა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 614,3 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 594,6 ათასი ტონა.
2023 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 736,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 60,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 180,6 ათასი ტონა – 14,9%; ბულგარეთი – 107,2 ათასი ტონა – 8,9%; აზერბაიჯანი – 84,2 ათასი ტონა – 7%; თურქმენეთი – 29,3 ათასი ტონა – 2,4%; ბელარუსი – 24,9 ათასი ტონა – 2,%; საბერძნეთი – 23,5 ათასი ტონა – 1,9%; თურქეთი – 17 ათასი ტონა – 1,4%; არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,2 ათასი ტონა – 0,2%; ვირჯინიის კ-ბი – 2,2 ათასი ტონა – 0,2%; შვეიცარია – 1,3 ათასი ტონა – 0,1% და სხვ.