რუსეთი აცხადებს, რომ სატვირთო გემის აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო

რუსეთი აცხადებს, რომ სატვირთო გემის აფეთქება „ტერორისტული აქტი“ იყო
სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ხმელთაშუა ზღვის საერთაშორისო წყლებში „ტერორისტული აქტის“ შედეგად ჩაიძირა. ეს განცხადება ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, გემის მფლობელმა რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ გააკეთა. „კომპანია „ობორონლოჯისტიკა“ დარწმუნებულია, რომ 2024 წლის 23 დეკემბერს „ურსა მაიორის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული ტერორისტული აქტი განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც რუსულ საინფორმაციო სააგენტოები ციტირებენ, თუმცა მასში არ არის მითითებული, ვინ და რატომ შეიძლება იდგეს ამ აქტის უკან. გემი სამშაბათს დილით, ესპანეთის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში ჩაიძირა, წინა დღეს კი, დახმარების სათხოვნელად, უბედურების მაუწყებელი სიგნალი SOS გაგზავნა. „გემზე ზედიზედ სამი აფეთქება მოხდა, ვიდრე ის ცეცხლის ჩასაქრობად ზღვიდან წყლის ამოტუმბვას დაიწყებდა“, – აცხადებს ს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი კომპანია.
„ობორონლოჯისტიკა“ არ აზუსტებს, თუ რა მტკიცებულებები აძლევს მას საფუძველს, დაასკვნას, რომ გემ „ურსა მაიორზე“ ტერორისტული თავდასხმა მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიზისული სიტუაციების ქვედანაყოფმა სამშაბათს თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა, რომ გემი „სამანქანო განყოფილებაში მომხდარი აფეთქების შემდეგ“ ჩაიძირა. მისივე ცნობით, ბორტზე მყოფი რუსული ეკიპაჟის 16 წევრიდან 14 გადაარჩინეს და ესპანეთის პორტ კარტახენაში გადაიყვანეს, ხოლო ორი მეზღვაური დაიკარგა. „გემმა ორშაბათს დილით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ესპანეთის სანაპიროდან, ცუდ ამინდში, SOS სიგნალი გააგზავნა და იტყობინებოდა, რომ იძირებოდა და მეზღვაურების სამაშველო ნავში გადაყვანა მოახერხა“, – ეს ინფორმაცია კი ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა გაავრცელა.
მისივე ცნობით, ესპანეთმა შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო ნავები გაგზავნა, რომლითაც გადარჩენილები პორტში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ადგილზე მივიდა რუსული სამხედრო ხომალდი, რომელმაც სამაშველო ოპერაციის ხელმძღვანელობა თავის თავზე აიღო. მისი მცდელობის მიუხედავად, ღამით „ურსა მაიორი“ ესპანეთისა და ალჟირის წყლებს შორის ჩაიძირა. MarineTraffic.com-ის თანახმად, ის არის 124,7 მეტრი (409 ფუტი) სიგრძის სატვირთო გემი, რუსული „ობორონლოჯისტიკის“ შვილობილი კომპანიას ეკუთვნის და „ტრანსპორტირებით და ლოჯისტიკით არის დაკავებული“.
„ურსა მაიორი“ ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკში მიემართებოდა. გასულ კვირას „ობორონლოჯისტიკამ“ გაავრცელა პრესრელიზი ნავსადგურში მყოფი გემის ფოტოებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მას ვლოდივასტოკში განსაკუთრებით დიდი და მძიმე ტვირთი უნდა ჩაეტანა: თითოეული ამწის წონა 380 ტონას შეადგენდა, გარდა ამისა, ბორტზე იყო ყინულმჭრელის ლუკის 45-ტონიანი სახურავები. 2022 წელს შეერთებულმა შტატებმა „ობორონლოჯისტიკას“ და მის გემებს, მათ შორის, „ურსა მაიორს“, „რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ტვირთის შეტანისთვის“, სანქციები დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ამერიკული ორგანიზაცია, რომელსაც კომპანიასთან ან მის გემებთან ექნება ურთიერთობა, თავადაც სანქციების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, „ურსა მაიორი“ ასევე გამოიყენებოდა რუსული ჯარების მომარაგებისთვის სირიაში, სადაც მოსკოვს ქალაქ ტარტუსში საზღვაო ბაზა გააჩნია.
წყარო: 1 არხი