რუსეთის სახელმწიფო რეესტრი (Росреестр) აფხაზეთს ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს უძრავი ქონების ინვენტარიზაციისა და კადასტრული შეფასების მიმართულებით – შეთანხმება აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერ ვარაზდატ მინოსიანთან შეხვედრისას შედგა, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის 20-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენ მზად ვართ ერთობლივი მუშაობის ახალ ეტაპზე – უძრავი ქონების ინვენტარიზაციასა და შეფასებაზე გადასასვლელად. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ აფხაზეთში სრულად ამოქმედდეს თანამედროვე კადასტრული სისტემა“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო რეესტრის ხელმძღვანელის მოადგილემ მაქსიმ სმირნოვმა.
მისი თქმით, ინვენტარიზაცია 2026 წელს დაიწყება, ხოლო 2026–2027 წლებში დაგეგმილია პრიორიტეტული ობიექტების კადასტრული შეფასება.
„გასულ წელს უკვე შეიქმნა აუცილებელი ტექნიკური საფუძველი. ამ ეტაპზე ვმუშაობთ სისტემების გამართვასა და აფხაზეთისთვის შესაბამისი კონცეფციის შემუშავებაზე“, – აღნიშნა სმირნოვმა.
რუსული მხარის განცხადებით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს აფხაზეთის საკუთარი შემოსავლების ზრდას, საინვესტიციო მიმზიდველობის ამაღლებას და სერვისების გაუმჯობესებას.
