რუსეთი არ დაუშვებს, რომ ბალტიის ზღვა NATO-ს ტბად იქცეს – გრუშკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ გრუშკოს თქმით, არ დაუშვებს, რომ ბალტიის ზღვა “NATO-ს ტბად” იქცეს. გრუშკოს თანახმად, რუსეთი ყველაფერს იზამს, რათა მისი ინტერესები საიმედოდ “დაცული” იყოს.
ამის შესახებ მან რუსული სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიის, Россия-24-ის ეთერში ინტერვიუში ისაუბრა.
“ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიც კონტროლია, ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ NATO ბალტიის ზღვის შიდა ტბად გადაქცევაზე ოცნებობს, როგორც მათ საჯაროდ გესლიანად თქმა უყვართ. თუმცა, ეს მრავალი მიზეზის გამო არ მოხდება და მათ შორის მთავარი, რა თქმა უნდა, არის, რომ ამას რუსეთის ფედერაცია არ დაუშვებს”. – თქვა გრუშკომ.
გრუშკომ თქვა, რომ NATO-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთმა ზომები უკვე გამოაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი “არამეგობრების” რიტორიკას თვალყურს ყურადღებით ადევნებს.
“თუმცა, რაც შეეხება კონკრეტული ზომების განსაზღვრას, მათი განსაზღვრა საჭირო იქნება იმ ქმედებების გათვალისწინებით, რომლებსაც ბალტიის ზღვის აკვატორიაში NATO ან NATO-ს რომელიმე ცალკეული წევრი ქვეყანა იზამს”. – თქვა გრუშკომ.
გრუშკოს მტკიცებით, რუსეთს სურს, რომ ბალტიის ზღვა “თანამშრომლობის ზღვად” დარჩეს.
“ჩვენ [რუსეთს] გვსურს, რომ ბალტიის ზღვა დარჩეს თანამშრომლობის ზღვად, ერთობლივი ქმედების ზღვად, ზღვად, რომლითაც ვაჭრობა ხდება”. – თქვა გრუშკომ.
ბოლო პერიოდში NATO-მ ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელებზე თავდასხმების აღკვეთისა და მსგავსი შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით უსაფრთხოების ზომების გაზრდა დაიწყო.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ 14 იანვარს განაცხადა, რომ თავდაცვითი ალიანსი ბალტიის ზღვაში პროგრამა Baltic Sentry-ს იწყებს, რაც რეგიონში სხვადასხვა საშუალები, მათ შორის, საესკადრო ნაღმოსანი გემების, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავისა და “საზღვაო დრონების მცირე ზომის ფლოტის”, განთავსებას გულისხმობს.
ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ მათი ძალები “ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანების შემდეგ, ასევე საზღვაო საპატრულო ხომალდისა და სადაზვერვო თვითმფრინავის სახით წვლილს შეიტანს NATO-ს პასუხის გაძლიერებაში”.
ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების წყალქვეშა კაბალებისა და ინფრასტრუქტურის რუკების შედგენას ცდილობს, მომავალში პოტენციური საბოტაჟის მცდელობებისთვის, წინა წლებშიც გავრცელდა.
დანიური სამაუწყებლო კორპორაციის (DR) ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს რუსეთის არმია ბალტიის ზღვის რეგიონში ქარის ელექტროსადგურების, წყალქვეშა ელექტროენერგიის, ინტერნეტის კაბელებისა და მილსადენების რუკებს ადგენდა.
26 დეკემბერს ფინეთმა ბალტიის ზღვაში ნავთობის გადამზიდი ტანკერი Eagle S დააკავა, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა და ეჭვობენ, რომ გემმა ღუზის ზღვის ფსკერზე გათრევით წყალქვეშა ელექტროსადენი დააზიანა.
მოგვიანებით, ფინეთის პოლიციამ ბალტიის ზღვის ფსკერზე აღმოაჩინა ღუზა, რომელმაც დიდი ალბათობით, წყალქვეშა ელექტრო და ტელეკომუნიკაციის კაბელები დააზიანა.
გამოძიების უფროსმა, რისტო ლოიმ Reuters-ს განუცხადა, რომ სანამ ფინეთი ხომალდს დააკავებდა, არსებობდა საფრთხე, რომ ის მეორე ელექტროსადენ Estlink 1-ს და ასევე BalticConnector-ის ბუნებრივი აირის მილსადენს დააზიანებდა.
“იქნებოდა თითქმის მყისიერი საფრთხე, რომ შესაძლოა დაზიანებულიყო სხვა კაბელები ან მილსადენები, რომლებიც ჩვენს კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთანაა კავშირში”. – თქვა მან.
ლოის თქმით, ამ დროისთვის ეკიპაჟის მე-9 წევრიც დაამატეს ეჭვმიტანილების სიაში და მას მოგზაურობა აუკრძალეს. ფინეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეკიპაჟის 24 წევრიდან რვას მოგზაურობას უკრძალავდნენ.
ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს თანახმად, დაკავებული ტანკერის ეკიპაჟი 20 პირისგან შედგება, რომლებიც საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები არიან, ხოლო გემის კაპიტანი ასევე საქართველოს მოქალაქე, დავით ვადაჭკორიაა.
ვადაჭკორიამ Helsingin Sanomat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პასუხი ყველაფერს მოგვიანებით გაეცემა”. მისი თქმით, “გამოძიება კვლავ მიმდინარეობს” და დაამატა, რომ შემთხვევა “ჩვეულებრივი საზღვაო ინციდენტი იყო. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ პოლიციასთან კარგად ვთანამშრომლობთ”.
გამოძიების ეროვნული ბიუროს გამოძიების ხელმძღვანელის, სამი პაილას თქმით, Eagle S-ის ეკიპაჟის ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია, ზოგი თვითმხილველია, ზოგის სტატუსი კი გაურკვეველია. ამასთანავე, 3 იანვარს ფინეთის სასამართლომ უარყო ტანკერის გაშვების მოთხოვნა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაკავება ძალაში რჩება.
ამას გარდა, ფინეთისა და ს დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის, Estlink 2-ის დაზიანებასთან ერთად, მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ გემმა რამდენიმე წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელიც დააზიანა, რომელთაგან ორს ტელეკომუნიკაციების კომპანია, Elisa ფლობდა, ერთს – ჩინური ფირმა CITIC Telecom-ი, ერთს კი ფინეთის სახელმწიფო კომპანია, Cinia.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, Yle-ს თანახმად, Estlink 2-ის მუშაობის შეფერხების დროს ტანკერი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განთავსების ადგილას იყო. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გემების გადაადგილების მონიტორინგის ვებგვერდ MarineTraffic-ზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერი ელექტროსადენთან შესამჩნევად შენელდა, როცა მისი მუშაობა შეწყდა.
ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოცემა Lloyd’s List-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტანკერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულ კომპანიას, Caravella-ს ეკუთვნის და კომპანიის ფლოტის ერთადერთ გემს წარმოადგენს.
რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შედის უცნობი მფლობელების ძველი გემები, რომელთა ერთადერთ მიზანს სანქცირებული ქვეყნებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობის გადატანა წარმოადგენს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ.
გასულ თვეში ბალტიის ზღვაში ასევე დაზიანდა ორი ტელეკომუნიკაციის კაბელი. მაშინ ეჭვები ჩინურმა ხომალდმა Yi Peng 3-მა გამოიწვია, რომელიც რუსული პორტიდან ეგვიპტის მიმართულებით გადაადგილდებოდა და ორივე დაზიანებულ წყალქვეშა კაბელთან ახლოს გაცურა. დაზვერვის ღია წყაროების ექსპერტების ცნობით, მომხდარის შემდეგ სატვირთო გემს დანიის საზღვაო ძალები აედევნა.
წყარო: ტაბულა