რუსეთის ფედერაციის კანონპროექტების შემმუშავებელმა სამთავრობო კომისიამ მოიწონა კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სამობილიზაციო რეზერვის გამოყენება კონტრტერორისტულ ოპერაციებში ან რუსეთის შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს მიღმა გამოყენებისას ამოცანების შესასრულებლად.
ამის შესახებ იუწყება რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“, რომელსაც მოჰყავს ციტატა კომისიის მასალიდან ციტატა:
„სამთავრობო კომისიამ მოიწონა წინადადებები „თავდაცვის შესახებ“ ფედერალურ კანონში ცვლილებების შესახებ, რომლებიც ცალკეული ამოცანების შესრულებაში რეზერვისტების ჩართვის შესაძლებლობას იძლევა: თავდაცვის სფეროში, შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნისას, კონტრტერორისტულ ოპერაციებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიღმა შეიარაღებული ძალების გამოყენებისას, საგანგებო სამხედრო შეკრებებზე მათი გაწვევით“.
განმარტებით ბარათში დაზუსტებულია, რომ ლაპარაკია მათზე, ვისაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება რეზერვში ყოფნის შესახებ. მოქმედი კანონმდებლობით, რეზერვისტების ჩართვა ამოცანების შესრულებაში შესაძლებელია მხოლოდ მობილიზაციის პერიოდში ან ომის დროს. „ტასის“ ცნობით, ახალი კანონმდებლობით კი შესაძლებელი იქნება მათი „მშვიდობიან დროს“ გამოყენებაც.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს მოჰყავს რუსეთის იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის იგორ ჩერეპანოვის განმარტება:
„ამრიგად, შესაძლებელი იქნება რეზერვისტების ჩართვა ცალკეული ამოცანების შესრულებაში როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ისე მის საზღვრებს მიღმა. ამასთან, კანონით შემოდის „საგანგებო შეკრებების“ ცნება, რომელშიც იგულისხმება შეკრებები ცალკეული ამოცანების შესასრულებლად თავდაცვის სფეროში, შეიარაღებული კონფლიქტების წარმოქმნისას; კონტრტერორისტული ოპერაციები, აგრეთვე რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენება ჩვენი ქვეყნის მიღმა. ამავდროულად, კანონპროექტით იქმნება რეზერვისტებისთვის დამატებითი სახდელის გაცემის შესაძლებლობა“.
იგორ ჩერეპანოვის განმარტებით, ცვლილებები შეეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მოხალისეობრივ საფუძველზე გაფორმებული აქვთ კონტრაქტი რეზერვში ჩარიცხვაზე და არ ვრცელდება თადარიგში მყოფ მოქალაქეებზე.
ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ 24 სექტემბრის სტატიაში, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერაციასა და ტექნოლოგიურ ადაპტაციას შეეხებოდა, რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეზე დაყრდნობით წერდა, რომ „რუსეთში რეზერვისტებს შეუძლიათ სამხედრო წოდებების მიღება სამხედრო წვრთნების გავლის გარეშე”, რაც ჩვეულებრივ აუცილებელია ხოლმე რეზერვისტების სამხედრო წოდებისთვის შესაბამისობის დასადასტურებლად. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ვარაუდით, სამხედრო წოდებების მინიჭების გაიოლება შესაძლოა დაკავშირებული იყოს რუსეთში საწვრთნელი სისტემის გადატვირთულობასთან.
არსებული სტატისტიკით, რუსეთს დაახლოებით ორი მილიონი რეზერვისტი ჰყავს.
