2008 წლის ომთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. რუსეთს სურდა ამ ომის პროვოცირება და რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდა ამისთვის – აცხადებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა.
ბრაიზა იხსენებს 2004 წელს, საქართველოს მაშინდელ პრემიერმინისტრთან, ზურაბ ჟვანიასთან გამართულ სატელეფონო საუბარს და ამბობს, რომ სწორედ ჟვანიამ მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის გეგმებზე და დახმარება სთხოვა. თუმცა, ბრაიზა ბოდიშს იხდის, რადგან მისივე თქმით, მაშინ მათ ეს ინფორმაცია არ დაიჯერეს:
“მე მახსოვს, 2004 წლის ივნისში როგორ დამირეკა მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა ზურაბ ჟვანიამ და მითხრა, რომ მათი ინფორმაციით, რუსეთი აპირებდა როკის გვირაბის გავლით სოფელ ჯავაში ტანკებისა და ჯავშანმანქანების შეყვანას. მაშინ ჟვანიამ დახმარება მთხოვა, რომ მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა მთავრობისთვის ამის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ამ ომისთვის ჯერ კიდევ 2004 წელს ემზადებოდა. ჩვენი და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების შეცდომა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ რუსეთს შეეძლო ასეთი ომის დაწყება. ამიტომ, ჩემი ამოცანა მაშინ იყო, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დამემშვიდებინა. მახსოვს, გერმანიაში ვიყავით, სადაც ე.წ. გაეროს გენერალური მდივნის მეგობრების ჯგუფი იყო შეკრებილი. იქ იყვნენ დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები. მე მაშინ მათ ვუთხრი, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მოვახდენდით რეაგირებას, ჩვენ ვიქნებოდით ამ ომში დამნაშავეები. მაშინ ერთმა ადამიანმა გვერდით გამიყვანა და მითხრა- “მეთ, ხომ არ გაგიჟდი? რუსეთი არ აპირებს ომის დაწყებას”. მე კი ვუთხარი, რომ ასეთი ინფორმაცია ნამდვილად არის. მოკლედ, ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ამ ინფორმაციის არ გვჯეროდა და ამისთვის ბოდიშს ვიხდი.” ამბობს ბრაიზა.