რუსეთის 5 მოქალაქე ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ს ფედერაციის 5 მოქალაქე დააკავეს და მისი თქმით, ისინი საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქცია მოხდა.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ.
ქ. თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან, ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი – 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან – 250 000 აშშ დოლარი, ჯამში – 721 000 აშშ დოლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით”- აღნიშნავს უწყება.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად.