რუსეთის ჯარებმა 10 სექტემბერს უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
უკრაინის სხვადასხვა რეგიონში საჰაერო განგაში შუაღამის შემდეგ გამოცხადდა. საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები უკრაინას დრონებით უტევდნენ, გამთენიისას კი სარაკეტო შეტევაც დაიწყო.
დილის რვა საათის მდგომარეობით უკრაინის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია ინფორმაცია მასირებული შეტევის შედეგების შესახებ.
რუსეთის მასირებული შეტევის დაწყების შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა პოლონეთის ტერიტორიაზეც შეაღწიეს. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ცოტა ხნის შემდეგ ეს ინფორმაცია წაიშალა.
გამთენიისას პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სამხედროებმა იარაღი გამოიყენეს ქვეყნის საჰაერო სივრცის არაერთხელ დამრღვევი ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა არ დააკონკრეტა, რომ ეს იყო რუსული დრონები.
ფორუმი




