უკრაინის სახმელეთო ძალების მიერ დღეს, 12 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი სასწავლო ქვედანაყოფის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმა გასულ ღამით განხორციელდა.
ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 1 და დაიჭრა 11 სამხედრო მოსამსახურე. კიდევ 12-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა ბაროტრავმისა და მწვავე სტრესის გამო.
სახმელეთო ძალების სარდლობა, რომელიც კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს, ირწმუნება, რომ სარაკეტო საფრთხის სიგნალის მიღებისთანავე პირადი შემადგენლობა დადგენილი წესით გააფრთხილეს, თუმცა მიღებული ზომების მიუხედავად, თავშესაფრებში გადასვლისას სამხედროების ჯგუფი აღმოჩნდა კასეტური საბრძოლო მასალებით დარტყმის ზონაში.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის სახმელეთო ძალების სასწავლო ცენტრებსა და პოლიგონებზე რაკეტებით რამდენიმე შეტევა მიიტანეს 2025 წლის ივნისსა და ივლისშიც.
1 ივნისს სახმელეთო ძალების 239-ე პოლიგონზე სარაკეტო დარტყმის შედეგად 12 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა. იმავე დღეს თანამდებობიდან გადადგა სახმელეთო ძალების სარდალი მიხაილო დრაპატი. გადადგომიდან რამდენიმე დღეში პრეზიდენტმა ზელენსკიმ დრაპატი გაერთიანებული ძალების სარდლად დანიშნა.
სახმელეთო ძალების ოფიციალური მონაცემებით, სასწავლო ქვედანაყოფების ტერიტორიებზე შეტევების შედეგად 22 ივნისს 3 სამხედრო დაიღუპა და 14 დაიჭრა, ხოლო 29 ივლისს 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 18 დაიჭრა.
11 აგვისტოს გამოცემა New York Times-მა უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლ ფლორიდელ მოხალისეზე დაყრდნობით დაწერა, რომ 21 ივლისს რუსული რაკეტა მოხვდა უკრაინის ქალაქ კროპივნიცკისთან მდებარე უცხოელი მოხალისეების სასწავლო ბანაკის ტერიტორიაზე, ღია სივრცეში მოწყობილ სასადილოს და სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა.
New York Times-ის რესპონდენტის თანახმად, სარაკეტო დარტყმამდე საჰაერო განგაში არ ყოფილა, ადგილზე კი არ აღმოჩნდა პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად საჭირო საშუალებები.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის დაქვემდებარებაში მყოფი უცხოური ლეგიონის წარმომადგენელმა ამერიკულ გამოცემას დაღუპულთა რიცხვი არ დაუსახელა და განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება.
ფორუმი
