რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ მიმდინარე წლის 23 თებერვალს A-50 სადაზვერვო თვითმფრინავი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. ეს გამომდინარეობს საგამოძიებო კომიტეტისა და მოსკოვის ზოგადი იურისდიქციის სასამართლოების ანგარიშებიდან, რომლებშიც აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების 138-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მეთაურის, პოლკოვნიკ ნიკოლაი ძიამანის დაუსწრებლად დაკავების შესახებ. იგი ბრალდებულია ტერაქტის საქმეზე.
გამოძიება ირწმუნება, რომ ძიამანმა თავის ქვეშევრდომებს უბრძანა, გაენადგურებინათ A-50, რადგან იცოდა, რომ თვითმფრინავი “არ იყო განკუთვნილი საბრძოლო ოპერაციებისთვის და არ ჰქონდა შეიარაღება”, ხოლო ფრენას „უშალოდ რუსეთის საჰაერო სივრცეში ახორციელებდა”.
უკრაინელ სამხედროზე ძებნა გამოცხადდა. სასამართლო სხდომაზე ძიამანს წარმოადგენდა სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატი ვიქტორ აბაშინი, რომელმაც განაცხადა, რომ აპროტესტებდა თავისი კლიენტის დაპატიმრებას.
კიევის განცხადებით, რუსეთის A-50 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი უკრაინის არმიამ გაანადგურა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თვითმფრინავი უკრაინელმა მეზენიტეებმა შორეული მოქმედების სარაკეტო კომპლექს С-200-ით ჩამოაგდეს.
მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ვიდეოდან გაკეთებული ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებულმა A-50-მა, სავარაუდოდ, კრასნოდარის ოლქის სოფელ ტრუდოვაია არმენიას რაიონში განიცადა კატასტროფა.
მანამდე, მიმდინარე წლის 14 იანვარს, აზოვის ზღვის თავზე, ბერდიანსკის მახლობლად, უკრაინელმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშის შედეგად ჩამოაგდეს სტრატეგიული მნიშვნელობის ორი საჰაერო ხომალდი: ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური თვითმფრინავი A-50 და საჰაერო სამეთაურო პუნქტი Ил-22M-ი.