გაერთიანებული სამეფოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული საჯარო ორგანიზაცია „ბრიტანეთის საბჭო”, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს, მხარს უჭერს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ხელს უწყობს ამ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირების განმტკიცებას და საგანმანათლებლო და კულტურულ პროგრამებს ახორციელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 5 ივნისს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, „საგანმანათლებლო და კულტურული საქმიანობით შენიღბული“ ეს ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს „რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის გეგმაზომიერი დისკრედიტაციისთვის“ და აქტიურად უჭერს მხარს „რუსეთში აკრძალულ ლგბტ-მოძრაობას“.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებითვე, „ბრიტანეთის საბჭოს“ მიზანია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის „რუსული იდენტობისგან“ გათავისუფლებაც.
დღესვე განცხადება გამოაქვეყნა რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმაც, რომლის თანახმად, „ბრიტანეთის საბჭო“ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების „ოპერაციებში“, რომლებიც მიმართულია „დამოუკიდებელი სახელმწიფოების სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრისკენ“, ამიტომ „პარტნიორებს მეგობარი ქვეყნებიდან“ ურჩევენ, მოსკოვის მაგალითს მიბაძონ და თავიანთ ტერიტორიებზე ამ ორგანიზაციის საქმიანობა დაბლოკონ.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა კონკრეტულ ფაქტებს ეფუძნება გაერთიანებული სამეფოს სპეცსამსახურებთან „ბრიტანეთის საბჭოს“ კავშირის ბრალდება.
პუტინის ხელისუფლების მიერ „არასასურველად“ მიჩნეულ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა აკრძალული აქვთ. დარღვევა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევს.
რუსეთმა უკვე აკრძალა 200-ზე მეტი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობა.
ეს პროცესი ინტენსიური გახდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ფორუმი
