რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-16 პაკეტში რუსი ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვიც მოხვდა.
ევტუშენკოვის სანქცირებაზე ევროკავშირი აღნიშნავს, რომ მას დიდი ხნის ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და ესწრებოდა ბიზნესმენთა შეხვედრას კრემლში, 2022 წლის 24 თებერვალს – იმ დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების სამი წლისთავზე ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი მოიცავს 83 დამატებით პუნქტს, მათ შორის 48 ფიზიკურ პირსა და 35 სუბიექტს, ასევე, რუსეთის კიდევ 13 ბანკს აეკრძალა ფინანსური ინფორმაციის გადაცემის საერთაშორისო სისტემით სარგებლობა. პაკეტი ასევე შეზღუდვებს უწესებს 53 კომპანიას რომლებიც რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაობას.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები – მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანიაში ვიცეპრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში.
ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, “მაგრამ უნდა გავმაგრდეთ”. ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და “დავითი ჩამოიტანს”.
ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას “პრემიერთან გაუშვებს”.
2022 წლის 26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ “დასვენებაზე ისაუბრეს”.
ევტუშენკოვმა ასევე თქვა ისიც, რომ ივანიშვილთან “მეგობრული ურთიერთობა” აკავშირებს.
