რუსეთის ცესკომ ოპოზიციონერი პრეზიდენტობის კანდიდატი, ბორის ნადეჟდინს არჩევნებზე არ დაარეგისტრირა.
“არ ვეთანხმები ცესკოს გადაწყვეტილებას. თითქმის 200 000 ხელმოწერა შევაგროვე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ხელმოწერებს ღიად და პატიოსნად ვაგროვებდით. ჩვენს შტაბებთან რიგები იდგა.
2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღება ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელზეც უარს არ ვიტყვი. ცესკოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უმაღლეს სასამართლოში გავასაჩივრებ”. – ამბობს ნადეჟდინი.
5 თებერვალს რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო პრეზიდენტობის კანდიდატის, ბორის ნადეჟდინის ხელმოწერების 15%. ამის შესახებ ინფორმაციას ნადეჟდინის საარჩევნო შტაბის წევრები ავრცელებენ.
“კომისიის სხდომა დასრულდა, გამოვიტანე საბუთები, 15.348% ბათილად ცნეს, წინ ორი უძილო ღამე მელოდება”. – წერს ნადეჟდინის შტაბის წევრი იგორ არტემიევი.
ამჟამინდელი კანონმდებლობით კანდიდატის ხელმოწერების მხოლოდ 5%-ის ბათილად ცნობაა დასაშვები.
ნადეჟდინმა თქვა, რომ მზად არის იბრძოლოს ხელმოწერებისთვის:
“9209 ბათილი ხელმოწერიდან საკმარისია დაახლოებით 4500 ხელმოწერის ხელიდან გამოგლეჯა”.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში ის უზენაეს სასამართლოს მიმართავს.
გამოცემა 7×7-ის ცნობით, ცესკომ 2500 ხელმოწერა გააუქმა, იმიტომ რომ ხელმოწერების გასწვრივ თარიღები მოგვიანებით იყო ჩაწერილი.
ნადეჟდინი პარტია სამოქალაქო ინიციატივის ლიდერია. ოპოზიციონერი პოლიტიკოს ღიად აკრიტიკებს პუტინს და უკრაინაში ომის დაწყებას დღევანდელი ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს.