რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე ძებნა გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, თუ რომელი მუხლით გამოაცხადა აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელზე, შაჰინ შახლინსკიზე ძებნა.
მიმდინარე თვის დასაწყისში შახლინსკი რუსმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
16 ივლისს ეკატერინბურგის სასამართლოს ბრძანებით შახლინსკის შვილი დააკავეს. მას ბრალად ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობა ედება.
შეგახსენებთ, რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 27 ივნისს ეკატერინბურგში ადგილობრივი პოლიციის სპეცრაზმმა აზერბაიჯანული წარმოშობის ათობით ადამიანი დააკავა. დაკავებისას ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
