7 ივლისს რუსეთის 235-ე საგარნიზონო სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 17 წლით პატიმრობა და 25 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა (დაახლოებით 317 660 ამერიკული დოლარი) მიუსაჯა შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, გენერალ-პოლკოვნიკ ხალილ არსლანოვს. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო TASS-ი. პროკურატურა განსასჯელისთვის 19 წლით ითხოვდა თავისუფლების აღკვეთას.
გენერალი დამნაშავედ სცნეს განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში და მსხვილი ქრთამის მიღებაში.
არსლანოვი 2013-2020 წლებში იყო კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე. რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრამდე ორი წლით ადრე, 2020 წლის თებერვალში იგი დააკავეს და დააპატიმრეს, თანამდებობიდან მოხსნეს იმავე წლის აპრილში.
გამოძიების ვერსიით, არსლანოვმა და ამ საქმის სხვა განსასჯელებმა სახელმწიფო კონტრაქტები გადაჭარბებული ფასით გააფორმეს კომპანია “ვოენტელეკომთან”, სატელიტური აღჭურვილობის და მონიტორინგის ცენტრების მიწოდებაზე. იუწყებიან, რომ არსლანოვი დანაშაულს არ აღიარებს.
ბოლო წლებში რუსეთში არაერთი საქმე აღიძრა თავდაცვის სამინისტროს და არმიის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.
ფორუმი
