ადგილობრივი ტელეგრამ-არხების და ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, უკრაინამ დრონებით შეუტია ყაზანში მდებარე ქიმიურ ქარხანას „ყაზანორგსინთეზს“, სადაც ხანძარი გაჩნდა.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ყაზანის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ ამ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი არ ყოფილა და აფეთქება სხვა ადგილას მოხდა.
თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად ყაზანის გარეუბანში ცეცხლი გაუჩნდა გაზის ცისტერნას, არავინ დაშავებულა. სხვა დეტალებს პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
რუსული წყაროების თანახმად, აფეთქება მოხდა თხევადი გაზის საცავში, რომელიც ქიმიური ქარხნის მახლობლად მდებარეობს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს ყაზანის აეროპორტი.
უკრაინას ყაზანზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
BBC-ს რუსული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში დრონებით, სულ მცირე, 81-ჯერ შეუტია ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებს და საწვავის საცავებს.
ფორუმი