გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტემრიუკის პორტში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ განაცხადა.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე 25 დეკემბერს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დრონებით შეტევის შედეგად ტემრიუკის პორტში ხანძარი გაუჩნდა ნავთობპროდუქტების ორ რეზერვუარს. შტაბის თანახმად, დაახლოებით 2000მ²-ზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 70 მეხანძრე და 18 ერთეული ტექნიკა.
ტემრიუკის პორტზე დრონებით შეტევა იყო 5 დეკემბერსაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ პორტს უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს.
ქალაქი ტემრიუკი ამავე სახელწოდების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი და ტამანის ნახევარკუნძულის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტია. პორტი მდებარეობს რაიონში, სადაც მდინარე ყუბანი აზოვის ზღვას უერთდება.
2025 წლის ზაფხულში რუსეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ტემრიუკის პორტში გაიხსნა ტერმინალი ნავთობის ექსპორტისთვის.
2025 წლის დეკემბრის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე არაერთ სხვა ობიექტზეც.
17 დეკემბერს უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ დრონებით დაარტყეს კრასნოდარის მხარის ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. დრონებით შეტევისა და ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ იუწყებოდა კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბიც.
22 დეკემბერს დრონებით შეტევა იყო ტემრიუკის რაიონის დაბა ვოლნაში მდებარე პორტზე. ადგილობრივი ხელისუფლება ორი მისადგომის, ორი გემის და მილსადენის დაზიანებისა და ხანძრის შესახებ იუწყებოდა. დაბა ვოლნა ტამანის ნახევარკუნძულზე, შავი ზღვის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა კომპანია „ტამანნეფტეგაზის“ ნავთობის ტერმინალს დაარტყეს.
დაბა ვოლნაში მდებარე პორტ „ტამანში“ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მეორე დღეს, 23 დეკემბრის დღის 12 საათისთვის განაცხადა.
15 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ნოვოროსიისკის პორტში დრონებით შეუტიეს რუსეთის წყალქვეშა ნავს.
· უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
· რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი




