უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე, სადაც სამხედრო აეროდრომი და ნავთობის საცავი მდებარეობს.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, დღეს, 20 მარტს, ღამის ოთხი საათისთვის მომხდარ აფეთქებებს ხანძარი მოჰყვა ქალაქის იმ რაიონში, სადაც ნავთობის ბაზა მდებარეობს.
დრონებით შეტევა დილის ექვსი საათისთვის დაადასტურა სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა, თუმცა, ნავთობის საცავის შესახებ არაფერი უთქვამს. გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობებით, ნაწილობრივ ჩამსხვრეულია ენგელსის კლინიკური საავადმყოფოს, სკოლის და ორი საბავშვო ბაღის ფანჯრები და დაშავებულია ერთი ადამიანი.
ბუსარგინის თანამად, დღეს ენგელსის სკოლებში გაკვეთილები დისტანციურად ჩატარდება.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ენგელსის ნავთობის საცავს და სამხედრო აეროდრომს დრონებით არაერთხელ დაარტყეს.
2025 წლის იანვარში, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზა „კომბინატ კრისტალის” ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს კვირაზე მეტხანს აქრობდნენ და ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც დასჭირდათ.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი
