რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დრონებით თავდასხმის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქალაქის მერზე, ალექსანდრე სკრიაბინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების კომისიის რიგგარეშე სხდომაზე იმ რაიონში, სადაც სახლები დაზიანდა, საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილება მივიღეთ“, – განაცხადა დონის როსტოვის მერმა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის ცნობით, დრონებით თავდასხმის შედეგად ქალაქ დონის როსტოვში, სულ მცირე, შვიდი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა.
ასევე, სლიუსარის განცხადებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ხანძარი გაუჩნდა, რის შემდეგაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.




