უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში ჩააბარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსმა, ვასილი მალიუკმა, რომელიც გეგმავდა და ხელმძღვანელობდა რუსეთის აეროდრომებზე დრონების მასშტაბური შეტევის ოპერაციას.
“ბრწყინვალე შედეგი” – აღნიშნავს თავის ფეისბუკგვერდზე უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, ოპერაცია “ობობას ქსელის” მზადებასა და მიმდინარეობას პირადად აკონტროლებდა.
„ერთი წელი ექვსი თვე და ცხრა დღე – დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ განხორციელებამდე. ჩვენი ყველაზე შორი მოქმედების ოპერაცია. ჩვენი ხალხი, რომლებიც ამზადებდნენ ამ ოპერაციას დროულად გამოვიყვანეთ რუსეთის ტერიტორიიდან. მადლობა გადავუხადე გენერალ ვასილი მალიუკს უკრაინის ამ წარმატებისთვის“, – წერს პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც, როგორც აღნიშნა – გენერალს დაავალა ოპერაციის დეტალების საზოგადოებისთვის გაცნობა და იქვე დაამატა:
„რა თქმა უნდა, ყველაფრის მოყოლა ახლა არ შეგვიძლია, მაგრამ უკრაინის ეს ქმედებები ნამდვილად მოხვდება ისტორიის სახელმძღვანელოებში. უკრაინა თავს იცავს და სრულიად სამართლიანად – ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა რუსეთმა იგრძნოს ამ ომის დამთავრების აუცილებლობა. რუსეთმა დაიწყო ეს ომი და რუსეთმა უნდა დაასრულოს. დიდება უკრაინას“.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] ინფორმაციით, აეროდრომებზე შეტევის შედეგად დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაპარკის მესამედზე მეტი და ზარალმა 7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
„ასეთია საორიენტაციო ფასი მტრის სტრატეგიული ავიაციისა, რომელიც დაზიანდა СБУ-ს სპეცოპერაცია – „ობობას ქსელის“ შედეგად. დაზიანდა ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მზიდავების 34%, რუსეთის ფედერაციის ძირითად აეროდრომებზე“, – აღნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახური.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია აეროდრომებზე უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ და მომხდარს ტერორისტული აქტები უწოდა. თავდაცვის უწყების ტელეგრამარხზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, უკრაინულმა მხარემ FPV-დრონებით შეუტია რუსეთის ხუთ ოლქს. თავდაცვის უწყების ჩამონათვალშია ამურის ოლქიც, გარდა – ირკუტსკის, მურმანსკის, რიაზანისა და ივანოვის ოლქებისა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია თავიდანვე ვრცელდებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ივანოვის, რიაზანისა და ამურის ოლქებში შეტევა მოგერიებულ იქნა, ხოლო მურნანსკისა და ირკუტსკის ოლქებში – დაიწვა “საავიაციო ტექნიკის რამდენიმე ერთეული”.
„დრონები ააფრინეს ამ აეროდრომებთან ახლოს მდებარე ტერიტორიებიდან“, „მსხვერპლი არ არის“, „ტერაქტის ზოგიერთი მონაწილე დაკავებულია“, – თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ინფორმაციით, რომელიც მანამდე უკრაინული უსაფრთხოების სამსახურზე [СБУ] დაყრდნობით გავრცელდა, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის პარკიდან დაზიანდა 41თვითმფრინავი, მათ შორის – А-50, ТU-95, და ТU-22 М3.
კრაინის უსაფრთხოების სამსახურში [СБУ] მედიას დილითვე დაუდასტურეს, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ერთბაშად ოთხი აეროდრომი რუსეთის ტერიტორიაზე: „ბელაია“ [“Белая”], „დიაგილევო“ [“Дягилево”] ,ოლენია“ [“Оленья”] და „ივანოვო“ [“Иваново”].
ფორუმი
