რუსეთის სკოლებში შემცირდება ინგლისურის სწავლება, ჩნდება ახალი საგანი – „რუსეთის სულიერ-ზნეობრივი კულტურა“

2026 წლის სექტემბრიდან ს სკოლებში მე-5–7 კლასებში უცხო ენის გაკვეთილების რაოდენობა შესაძლოა კვირაში სამიდან ორამდე შემცირდეს, ხოლო მე-5–9 კლასებში უცხო ენის შესწავლის საათების საერთო რაოდენობა 510 საათიდან 408 საათამდე შემცირდება. ეს გამომდინარეობს რუსეთის განათლების სამინისტროს ბრძანების პროექტიდან, რომელიც გამოქვეყნებულია კანონპროექტების ვებსაიტზე.
„ინტერფაქსის“ მიერ ციტირებული განმარტებითი ბარათის თანახმად, „სასწავლო დროის დატვირთვის ოპტიმიზაციისა და რაციონალური გადანაწილების მიზნით, უცხო ენის შესწავლის მოცულობა კორექტირებას განიცდის“. ჩანაწერში აღნიშნულია, რომ დროის შემცირება „საგანს კი არ აუქმებს, არამედ მიზნად ისახავს სასწავლო გეგმაში ოპტიმალური ბალანსის პოვნას“. პროექტში ნათქვამია, რომ „უცხო ენის ცოდნის საბაზისო დონე უზრუნველყოფილი იქნება დადგენილ ვადაში“.
როგორც წესი, რუსეთის სკოლებში უცხო ენად ინგლისური ისწავლება.
ზუსტად რაზე იქნება მიმართული გამოთავისუფლებული სასკოლო საათები, არ არის ნახსენები. ამასთან, ბრძანების იმავე განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2026/2027 სასწავლო წლიდან რუსეთის სკოლების მე-5–7 კლასებში შემოიღება ახალი საგანი, რომელიც მიზნად ისახავს „ბავშვებისა და მოზარდების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას ტრადიციულ ღირებულებებზე დაყრდნობით“ – „რუსეთის სულიერ-ზნეობრივი კულტურა“. მეხუთე კლასში მისთვის 17 სასწავლო საათი გამოიყოფა, მეექვსე და მეშვიდე კლასებში – 34-34 საათი თითოეულში (ანუ კვირაში ერთი გაკვეთილი).
უკვე 2025 წლიდან საგანი „სოციალური მეცნიერებები“ ამოღებულ იქნება მე-6–7 კლასების ცხრილიდან. ამის ნაცვლად დაემატება 34-საათიანი გაკვეთილები მშობლიური რეგიონის ისტორიაზე, იტყობინება „მელი“.
ფორუმი