რუსეთის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე რვა პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დონის როსტოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ არტემ აზატიანს, გეორგი აზატიანს, ოლეგ ანტიპოვს, ალექსანდრე ბილინს, ვლადიმერ ზლობას, დიმიტრი ტიაჟელიხს, რომან სოლომკოსა და არტურ ტერჩანიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
დაკავებულებს ბრალი ტერორიზმისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენისა და გადატანის ბრალდებით წაუყენეს.
ასევე, სასამართლომ დაკავებულებს აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის 7 მილიარდი რუბლის გადახდა დააკისრა.
შეგახსენებთ, 2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.




