რუსეთის სასამართლომ საიდუმლო სასამართლო პროცესის შემდეგ რადიო თავისუფლების (Radio Free Europe/Radio Liberty) რუს-ამერიკელ ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას 6.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას გამოცემა Associated Press (AP) სასამართლო ჩანაწერებსა და ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის რედაქტორს თათრეთის უზენაესი სასამართლო რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. საქმის დეტალები და მუხლი, რომლითაც კურმაშევა გაასამართლეს, გასაიდუმლოებულია.
რადიო თავისუფლების აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა კურმაშევას სასამართლო პროცესი და გამოტანილი ვერდიქტი დაგმო და მას “სამართლიანობის დაცინვა” უწოდა.
ყაზანში კურმაშევას სასამართლო სხდომა პარასკევს გაიმართა, იმავე დღეს, როდესაც ეკატერინბურგში სასამართლომ Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლა და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აშშ გერშკოვიჩს “უკანონოდ დაკავებულს”, ხოლო მის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს “პოლიტიკურად მოტივირებულს” უწოდებს.
ალსუ კურმაშევა 2023 წლის 18 ოქტომბერს ყაზანში დააკავეს.