რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოსკოვში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე ბაქო-ერევნის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი განიხილა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეგიონულ საკითხებზე დისკუსიის კონტექსტში დადასტურდა 2020-2022 წლების სამმხრივი შეთანხმებების საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ძალისხმევის გაზრდის აუცილებლობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, მინისტრებმა ასევე განიხილეს რუსეთის ფედერაციასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 2022 წლის 22 თებერვლის დეკლარაციის დებულებების შესრულება.
„განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის უამრავ სხვა საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის კასპიის „ხუთეულში“ თანამშრომლობის საკითხებზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.