რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – მოსკოვი ნატო-ს სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო სინანულს გამოთქვამს

მოსკოვი ნატო-ს სამიტში სომხეთის მონაწილეობის გამო სინანულს გამოთქვამს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა.
„რაც შეეხება უსაფრთხოების სფეროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად რჩება და სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში მრავალი ორმხრივი შეთანხმების მხარეა. სამწუხაროდ, შეშფოთებების შესახებ კონსტრუქციული დისკუსიის ნაცვლად, ერევანმა სხვა გზა აირჩია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, „მათთან თანამშრომლობის გაღრმავებით, ვისი მიზანიც რუსეთის „სტრატეგიული დამარცხებაა“, ერევანი საკუთარი უსაფრთხოების საზიანოდ, სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის სერიოზულ დესტაბილიზაციას საკუთარი ხელით რისკავს“.
„სომხეთში ნატო-სთან ან ალიანსის ცალკეულ წევრებთან თანამშრომლობის გაზრდას ანიჭებენ უპირატესობას, განსაკუთრებით, ნატო-ს სტანდარტების დანერგვის, იარაღის შესყიდვის ან ერთობლივი საბრძოლო მომზადების აქტივობების განხორციელების თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის სამიტში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ვაშინგტონში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მხოლოდ უკიდურეს სინანულს იწვევს“, – აღნიშნა გალუზინმა.

ასევე დაგაინტერესებთ