რუსეთი მზადაა უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სთან დიალოგი გააგრძელოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად. როდესაც ამერიკული მხარე ოფიციალურად გამოაცხადებს მზადყოფნას, ჩვენც, ბუნებრივია, საპასუხო ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა რიაბკოვმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია დაცული იყოს ანკორიჯში, ალასკაში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები.
„ერთგულები ვართ ანკორიჯში მიღწეული შედეგების მიმართ და გავაგრძელებთ მოქმედებას ამ ჩარჩოებში. კვლავ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, არ გადავუხვიოთ ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებებიდან. ეს არაერთხელ ეცნობათ ამერიკელებს. ეს საჯაროდ გამოცხადდა“, – განაცხადა რიაბკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოგვარებისას რუსეთის მხრიდან ძირითად საკითხებზე დათმობებზე წასვლა გამორიცხულია.
„არ შეიძლება საუბარი რაიმე დათმობაზე, ან ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის ძირითად ასპექტებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომების დათმობაზე, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის კონტექსტში“, – აღნიშნა რიაბკოვმა.
მისი მტკიცებით, ანკორიჯში მიღწეული შეთანხმების სხვადასხვა ელემენტი თავისთავად წარმოადგენს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს.




