რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ურჩევს, “შექმნილ პირობებში აფხაზეთში მგზავრობისგან, მათ შორის ტურისტული ხასიათის მოგზაურობისგან, თავი შეიკავონ.”
“რუსეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს მეზობელ, მეგობრულ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც კვლავ გამძაფრდა შიდაპოლიტიკური წინააღმდეგობები. ოპოზიციურმა ძალებმა, სამწუხაროდ, შესაძლებლად არ მიიჩნიეს ქვეყნის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უთანხმოების მოგვარება ცივილიზებული, ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის გზით და გასცდნენ სამართლებრივ ჩარჩოებს, რამაც გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია. შედეგად, რესპუბლიკაში შეიქმნა კრიზისული ვითარება და ეს, განურჩევლად მისი შედეგისა, აფერხებს აფხაზეთის განვითარებას. კერძოდ, აშკარაა, რომ დღევანდელი სცენარი სულაც არ არის ხელსაყრელი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის” ,- წერია უწყების განცხადებაში.
რუსული უწყება წერს, რომ “რუსული მხარე აფხაზეთის საშინაო პროცესებში ჩარევის გარეშე ელის შექმნილი ვითარების მხოლოდ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარებას.”
“შექმნილ პირობებში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მგზავრობისგან, მათ შორის ტურისტული მოგზაურობისგან, თავის შეკავებისკენ მოუწოდოს. მნიშვნელოვანია იმ რუსებისთვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან სახელმწიფოში, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, არ მიუახლოვდნენ არეულობის ადგილებს და თუ ეს შესაძლებელია, დატოვონ ქვეყანა” ,- წერია განცხადებაში.
ბჟანის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს დოკუმენტს საინვესტიციო შეთანხმების კანონპროექტის პარლამენტიდან გატანის შესახებ.
“ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკაში სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით იქნა მიღებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.
პროტესტის მონაწილეებმა დე ფაქტო ხელისუფლებას გადაწყვეტილების მისაღებად 20 წუთი მისცეს.
გარდა ამისა, მონაწილეები შეიჭრნენ პარლამენტის შენობაშიც.
აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები “ხალხს წინააღმდეგობას არ უწევენ.”
რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად, შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია.
ტელეგრამ არხის, “Нужная Газета-ს” ცნობით, ძალოვანი სტრუქტურები წინააღმდეგობას არ უწევენ პროტესტის მონაწილეებს.
გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეებმა შეანგრიეს ღობეც. პარლამენტის შესასვლელი ღიაა.