კრემლის დაზვერვა ავითარებს ვერსიას, რომ „ევროკავშირი „სერბულ მაიდანს“ ამზადებს“ და რომ სერბეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები „დიდწილად ევროკავშირისა და მასში შემავალი სახელმწიფოების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგია“, რისი მიზანიც, „ეს-ვე-ერის“ მტკიცებით, სერბეთში „ბრიუსელისადმი დამჯერი და ლოიალური ხელმძღვანელობის მოყვანაა“.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ევროელიტებს ბევრი რამ გამოსდით: ახალგაზრდობა რადიკალიზაციას განიცდის, მშვიდობიანი პროტესტიდან ბრძოლის „რევოლუციურ“ მეთოდებსა და ძალადობაზე გადადის. თუმცა დასავლეთის მიერ ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოცდილი „ფერადი რევოლუციების“ სცენარი სერბეთში არ მუშაობს. ევრობიუროკრატიის საბოლოო მიზნები მიუღწეველია“, – ამტკიცებს რუსეთის საგარეო დაზვერვა და ამის მიზეზად ასახელებს „ადგილობრივ საზოგადოებაში შენარჩუნებულ ძლიერ პატრიოტულ განწყობებს, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამაერთიანებელ გავლენას, აგრეთვე ნატოს აგრესიაზე ხსოვნას“.
„ბრიუსელის გათვლა იმაზეა, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური უზრუნველყოფით შესაძლებელი გახდება საპროტესტო ელექტორატის მობილიზაცია, ხალხის ქუჩაში გამოყვანა და „სერბული მაიდნის“ განხორციელება მრავალჯერ გამოცდილი სცენარით“, – ეს ფრაგმენტიც რუსეთის საგარეო დაზვერვის დოკუმენტიდანაა.
ერთი თვის წინ ეს უწყება წერდა, რომ „ევროკომისია უნგრეთში ხელისუფლების ცვლილებას ისახავს მიზნად“ და რომ „ევრობიუროკრატიისთვის „ბოლო წვეთად“ იქცა უნგრელების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება დაბლოკონ ევროკავშირის ახალი, შვიდწლიანი ბიუჯეტი, რომელიც მათი შეფასებით, ევროპის მილიტარიზაციისა და მოსკოვთან ომისთვის არის შემუშავებული“.
13 აგვისტოს განცხადებაში ეწერა, რომ უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების სცენარებს „სერიოზულად სწავლობს ევროკომისიის თავმჯდომარე უ. ფონ დერ ლაიენი“ და „გათვლა იმაზეა, რომ 2026 წლის გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებზე „ან უფრო ადრე“ ხელისუფლებაში მოიყვანონ“ ოპოზიციონერი ლიდერი პეტერ მადიარი. „ეს-ვე-ერი“ უნგრეთის ამბებში „კიევის ჩართულობაზეც“ წერს. იქაც აღნიშნულია მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გარედან ფინანსურ მხარდაჭერაზე.
წელს, ზაფხულში „ეს-ვე-ერი“ საქართველოს შესახებ აცხადებდა, რომ „დასავლეთი გაღიზიანებულია საქართველოს სწრაფვით – გათავისუფლდეს ლიბერალურ-გლობალისტური ძალების თავსმოხვეული ზრუნვისა და ქართველი ხალხისთვის უცხო ღირებულებებისგან“ და რომ „საქართველოსთვის ბრძოლას სათავეში ბრიტანელები ჩაუდგნენ. ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საქართველოს ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რითაც “მათ ანტისამთავრობო მოღვაწეობას რადიკალიზაციისკენ მიმართავს“.
რუსეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს შესახებ აცხადებდა, რომ „განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „აქტივისტებისთვის“ ძირგამომთხრელი საქმიანობის სწავლების ორგანიზებას. მომავალ ბოევიკებს შეასწავლიან, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას საპროტესტო აქციების დროს, თავი აარიდონ ხელისუფლებისგან „ციფრულ“ კონტროლს და მოამზადონ დივერსიები“.
სამივე ქვეყანაში – საქართველოში, სერბეთსა და უნგრეთში მოქალაქეები აპროტესტებენ ხელისუფლებების საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სამივეს შესახებ კრემლის დაზვერვა დრო და დრო საგარეო ჩარევის სცენარებზე მიუთითებს, რაც დიდწილად ემთხვევა სამივე სამიზნე ქვეყნის ხელისუფლებების რიტორიკას.
ფორუმი
