ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილით განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში „მოგერიებულია” უკრაინული დრონების „მასირებული შეტევა”, თუმცა არაფერი თქვეს კონკრეტულ ობიექტებზე, რომლებზეც, სხვადასხვა ტელეგრამ-არხის ცნობით, დრონებით დარტყმა იყო. მათ შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.
რუსეთის ულიანოვსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსეი რუსკიხმა დილით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ნოვოსპასკის რაიონში „ლიკვიდირებულია დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენით გამოწვეული ხანძარი”. კონკრეტულად რა იწვოდა, გუბერნატორს არ უთქვამს. რამდენიმე მედიასაშუალება თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ნოვოსპასკიში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
სავარაუდოდ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო დრონების სამიზნე რუსეთის მარი-ელის რესპუბლიკაშიც. მისი მეთაურის, იური ზაიცევის თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით „დარტყმები დაფიქსირებულია ერთ-ერთი საწარმოს მახლობლად”, სადაც „არაფერი დანგრეულა და არავინ დაშავებულა”. რამდენიმე ტელეგრამ-არხის ცნობით, საწარმო, რომელზეც შეტევა იყო დაბა ორშანკაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ამ რაიონში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
აფეთქებები იყო სტავროპოლის მხარის ქალაქ ბუდიონოვსკშიც. ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ შეტევა განხორციელდა ნავთობქიმიურ ქარხანა „სტავროლენზე“.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლზეც.
ყირიმის ე.წ. მეთაურის, სერგეი აქსიონოვის თანახმად, დრონი მოხვდა საწვავ-საპოხი მასალის კონტეინერს და ხანძარი გაჩნდა. კონკრეტულად სად, აქსიონოვს არ უთქვამს. უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, ხანძარი სიმფეროპოლის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე გაჩნდა.
დრონებით „მასირებული შეტევის მცდელობის“ შესახებ იუწყებოდა რუსეთის ბრიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზიც. მისი ინფორმაციით, დაზიანებულია 9 სახლი და აგროსაწარმო „მირატორგის“ შენობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 29 ოქტომბერს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 100 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 46 – ბრიანსკის ოლქში, 12 – კალუგაში, 8 – ბელგოროდის ოლქში, 7 – კრასნოდარის მხარეში, 6 – მოსკოვის რეგიონის ტერიტორიაზე, 6 – ორიოლის ოლქში, 4 – ულიანოვსკის ოლქში, 3-3 – ყირიმსა და მარი-ელის რესპუბლიკაში, 2 – სტავროპოლის მხარეში და 1-1 – კურსკის, სმოლენსკის და ტულის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას. უკრაინას რუსეთის ობიექტებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
მხოლოდ 2025 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან დღემდე, 29 ოქტომბრამდე უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს დაარტყეს ლენინგრადის, სარატოვის და ვოლგოგრადის ოლქებში და ბაშკირეთის რესპუბლიკაში.
თავის მხრივ, რუსეთის ჯარები ისევ ინტენსიურად უტევენ უკრაინის ენერგოობიექტებსაც. მათზე დარტყმები განსაკუთრებით აქტიურდება ზამთრის მოახლოების წინ და ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმას უწოდებს ხოლმე პასუხს „კიევის რეჟიმის ტერაქტებზე”. რუსეთი ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
ამასთან, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება დაიწყეს ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, ანუ ომის იმ ეტაპზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ჯერ არ მოქმედებდნენ.
ფორუმი




