გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მოსკოვის ოლქში. ადგილობრივი ხელისუფლება უკრაინის მხრიდან რაკეტებითა და დრონებით შეტევის შესახებ იუწყება.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, გასული ღამის განმავლობაში სარაკეტო შეტევის გამო განგაში სამჯერ გამოაცხადეს ქალაქ ბელგოროდსა და შჩებეკინოს რაიონში. გლადკოვი ადგილობრივ მცხოვრებთ სარდაფებში ჩასვლისკენ მოუწოდებდა.
ღამის პირველი საათის შემდეგ გლადკოვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ ქალაქ ბელგოროდზე სარაკეტო დარტყმა იყო და „სერიოზულად დაზიანებულია საინჟინრო ინფრასტრუქტურა“. გუბერნატორს კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია. მისივე ცნობით, დაზიანებულია ექვსი მრავალბინიანი და ერთი კერძო სახლიც.
ადგილობრივი გამოცემა „პეპელი“ და ტელეგრამ-არხი „ასტრა“ წერენ, რომ ბელგოროდში დარტყმა იყო თბოელექტროსადგურ „ლუჩზე“, რომელიც ელექტროენერგიითა და გათბობით ამარაგებს ქალაქის ნაწილს.
თავად რუსეთის ჯარები დრონებითა და რაკეტებით პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ ენერგოობიექტებს უკრაინაში, სადაც მწვავე ენერგოკრიზისია.
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქებზე, როსტოვზე, კამენსკსა და ნოვოშახტინსკზე და კიდევ ცხრა რაიონზე დრონებით „მასირებული შეტევის“ შესახებ იუწყება ოლქის გუბერნატორი იური სლუსარი. მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობებით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი და ელექტროქვესადგური.
ტელეგრამ-არხ „ასტრას“ ცნობით, როსტოვის ოლქში დრონების ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 დეკემბერს დილით განაცხადა 130 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიების შესახებ და არაფერი უთქვამს რაკეტებზე.
ოფიციალური მონაცემებით, 14 დეკემბრის ღამის თერთმეტი საათიდან 15 დეკემბრის დილის შვიდ საათამდე 38 დრონი ჩამოაგდეს ასტრახანის ოლქში, 25 ბრიანსკის ოლქში და ამდენივე მოსკოვის რეგიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, მოსკოვის რეგიონში მოგერიებული 25 დრონიდან 15-ს გეზი დედაქალაქისკენ ჰქონდა. ოფიციალური ინფორმაციით, საერთო ჯამში, 42 დრონი ჩამოაგდეს ბელგოროდის, როსტოვის, კალუგის, ტულის, კურსკის, ორიოლის და რიაზანის ოლქებში, ყალმუხეთის რესპუბლიკაში და კასპიის ზღვის აკვატორიის თავზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუგერიებელი დრონების რაოდენობას, როგორც წესი, არ ასახელებს.
უკრაინას რუსეთის რეგიონებზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს” ავსებენ.
რუსეთი ამ შეტევებს „ტერაქტებს” უწოდებს, უკრაინა კი – „კანონიერ სამიზნეებზე” დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
ფორუმი




