რუსეთის რეგიონებზე დრონებით მასირებული შეტევა იყო

რუსეთის რეგიონებიდან უკრაინული დრონებით შეტევისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, შეტევა იყო სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე.
11 ივლისს, გამთენიისას და დილით აფეთქებები იყო მოსკოვის, ტულის, ლიპეცკის, კურსკის, როსტოვის და სხვა ოლქებში.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის ცნობით, დრონი ჩამოვარდა აგროსაწარმოს ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
ტულის ოლქის გუბერნატორი დმიტრი მილიაევიც ერთი ადამიანის დაღუპვას და ერთის დაჭრას იუწყება, თუმცა, არ აკონკრეტებს, სად იყო დრონებით დარტყმა.
ტელეგრამ-არხი ASTRA წერს, რომ აფეთქებები იყო ქალაქ ტულის პროლეტარსკის რაიონში, სადაც ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სამი დიდი საწარმოა. ამ ობიექტებზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის მაისსა და ივნისშიც.
ამავე არხის ცნობით, მოსკოვის ოლქის ქალაქ დუბნაში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო დრონების მწარმოებელ ქარხანა „კრონშტადტზე“. ამ საწარმოზე დარტყმა იყო მაისშიც. 11 ივლისს აფეთქებები იყო მოსკოვის ოლქის ქალაქ ლუხოვიცის რაიონშიც, სადაც საავიაციო ქარხანა და ნავთობის ბაზა მდებარეობს.
მოსკოვის და ტულის ოლქების გუბერნატორები სამხედრო დანიშნულების საწარმოებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ არაფერს ამბობენ. ერთ-ერთი ასეთი ობიექტის ტერიტორიაზე „მოგერიებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგის მერი სვეტლანა კამბულოვა. მისი ინფორმაციით, ეს ობიექტი ტაგანროგის საავიაციო სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსია. კამბულოვას თანახმად, არავინ დაშავებულა.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ხინშტეინი გასულ ღამით და დღეს დილით იუწყებოდა ორ რაიონში უკრაინული დრონებით ერთ-ერთ საწარმოსა და საწყობებზე დარტყმისა და ოთხი ადამიანის დაშავების შესახებ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 ივლისის ღამის თერთმეტი საათიდან 11 ივლისის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 155 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 53 – კურსკის ოლქში, 19 – ბრიანსკში, 15 – სმოლენსკის ოლქში, 14 – ბელგოროდში, 13 – ტულის ოლქში, 11-11 ორიოლის ოლქსა და მოსკოვის რეგიონში, 7 – ყირიმში, 4-4 – ლიპეცკის ოლქსა და შავი ზღვის თავზე და 2-2 – როსტოვის და კალუგის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას და ხმელეთზე გამოწვეულ შედეგებს.
ფორუმი